
მალე კი მეფის სამსჯავროს
წარუდგინეს. ხელმწიფემ ჰკითხა: - ვინა ხარ შენ - მონა თუ თავისუფალი
კაცი? თომამ მიუგო: - მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს
ხელმწიფება! - ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! - უთხრა მეფემ. -
ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენს მიწა-წყალზე მოსული ხალხის
წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად... მაშ, თქვი, ვინ არის შენი
ბატონი? - ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! - უპასუხა წმიდა
მოციქულმა. - ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ
თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ
სარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან. მეფე განრისხდა: -
შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება:
როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე,
აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემ განანებთ! რამეთუ
თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობით
ცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ! მეფის
მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო: - არა ჯერ-არს ქრისტეს
მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არა
ჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ
ურწმუნოთაგან.
ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და
ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის
დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც
კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და
განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის
მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს,
თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.
ამ სასწაულებმა
ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს: -
აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს" - მზეს,
რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდე უვნებლად იცავდა
სატანჯველთაგან!
მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან
მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენი უსაზღვროდ
განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და
ურწმუნოთაგანაც დიდი სიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე
დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების" მოსპობისათვის და მეფისაგან
მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და
აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის
ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც და დიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე
მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.
მაშინ მეფემ წაიყვანა
თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს
რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი
ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს
გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ
კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა
ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის
კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ
განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა
მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი,
აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს
ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით
განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ
მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხეული (მოციქულის
მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ
კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა
ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის
საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ
ჩვენებაში და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში
განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით
გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.
მეფე
მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს
გახდნენ და ვერ დაიყოლიეს მეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ,
ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენ თავისუფალი ცხოვრების ნება
მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილს
არჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები
გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრების უღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას
მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ
უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.
რამდენიმე
წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი
და მისი განკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად სასტიკი დემონი
დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და
რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია
ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი
ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად
გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცა ის იყო, დააპირა კიდეც
განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა და
უთხრა: - ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება?
გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, და უფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე
იქნება შენდამი. ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი
გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახული შეესრულებინა. მართლაც, გაემართა
მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამ
ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა
ნაწილები და მესოპოტამიაში გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ
ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს
ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს: - უფალო
იესო ქრისტე! გევედრები, განკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას
ლოცვით! და მაშინ მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად! და როგორც კი
დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და
ყრმაც სრულიად განიკურნა. მეფე მუზდიმ ამის გამო ირწმუნა ქრისტე და თავის
ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად წმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ
სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები, რამეთუ
კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას
ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და
ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის ლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს
ინდოეთში განმტკიცდებოდა.
ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი
გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით
შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ
ხელმწიფეს: - ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოს!.. მართლაც, მთელი
ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული
მეფე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა და დიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ
ადგილას, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით
მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა.
საეკლესიო
მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს)
ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი
ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს,
სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის
ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს
გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე
ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა
თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში,
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის
ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად
ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი
უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემა თანა მამით
და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.
|
|