მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » მოწყალების მადლი, ვნებების დაძლევა
03:56
მოწყალების მადლი, ვნებების დაძლევა
მოწყალების მადლი, ვნებების დაძლევა - OFFLine.Ge

მოწყალების მადლი

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში, და აი, ერთხელაც მოძღვართან გზად მიმავალმა დავარდნილი, დაწყლულებული გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომას და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისკენ.
წინასწარგანჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ საძმოს წევრებს უბრძანა: იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და მხრებით ღმერთს მოაბრძანებსო.
მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მიაღწია, დავრდომილი მიწაზე დასვა, რათა კარები გაეღო, მაგრამ როცა გლახაკის ასაყვანად მიბრუნდა, აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყნარე, მე კი საუკუნოდ შეგიწყნარებ შენ".
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?! მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო.

ვნებების დაძლევა

მამა პიმენმა მამა იოსებს ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო ვნებათა მოზღვავების ჟამს,შეწინააღმდეგებოდა მათ თუ ნება მიეცა, რომ მასში შეეღწიათ. ბერმა მიუგო: შემოსვლის ნება მიეცი, ხოლო შემდეგ შეებრძოლე მათ. ამ პასუხით დაბრუნდა იგი სენაკში. ერთხელ მან თებელი ბერისაგან შეიტყო, რომ მანაც მსგავსი შეკითხვით მიმართა მამა იოსებს, რომელმაც ურჩია, არაფრით არ მიეცა ვნებებისთვის გულში შეღწევის საშუალება. მამა პიმენი კვლავ პანეთოსში, მამა იოსებთან გაემგზავრა და უსაყვედურა მას, რომ განსხვავებული რჩევა მისცა. მაშინ წმინდა ბერმა ჰკითხა: განა არ იცი, რომ მიყვარხარ? შენ ხომ მთხოვე, ის რჩევა მომეცა, რასაც საკუთარ თავს ვურჩევდი; იცოდე, როდესაც ვნებებს გულში შეუშვებ და ისე შეებრძოლები, გამოცდილება მოგემატება. ეს ისე გითხარი, როგორც საკუთარ თავს ვეტყოდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც საცდური სიახლოვესაც არ უნდა გაიკარონ, არამედ - მეყსეულად მოიკვეთონ ის.

***

როგორც თქვა ერთმა ღმრთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის; არასოდეს უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, რადგან უფალი იმაზე მეტ ტვირთს არ მოგვცემს, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია; არ უნდა დავკარგოთ ღმერთის იმედი, რადგან იგი მუდამ ჩვენს გვერდითაა.

***

ბერი ერთი მონანული სულის შესახებ უყვებოდა მეგობარს: ერთ ქალაქში მომხიბვლელი გარეგნობის მეძავი ცხოვრობდა, მას ბევრი მეგობარი ჰყავდა. ერთი წარჩინებული მივიდა მასთან და შესთავაზა: თუ აღთქმას დადებ, რომ წესიერად იცხოვრებ, ცოლად შეგირთავ. ქალი დაჰპირდა და მანაც სახლში წაიყვანა იგი. ქალის ძველმა მეგობრებმა მისი ამბავი შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მოეძებნათ. მათ იფიქრეს: თუ მასთან სახლში მივალთ, დაგვსჯიან, ამიტომ ქუჩიდან დავუსტვინოთ, იგი თავად გამოიხედავს და ჩვენ უბრალონი ვიქნებით. მაგრამ ყოფილმა მეძავმა, როდესაც სტვენის ხმა გაიგონა, ყურები დაიხშო, სახლის სიღრმეში შევიდა და კარი დაკეტა. როგორც ბერი ამბობდა: ეს მეძავი არის სული, ხოლო მეგობრები - ვნებები და ადამიანები, წარჩინებული - ქრისტე, სახლი - საუკუნო სავანე, ისინი კი ვინც გარეთ იხმობდნენ - ბოროტი დემონები. ამგვარად, მონანული სული მარადის ღვთისაკენ ისწრაფვის.
ნანახია: 707 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: