მთავარი » 2010 ივნისი 26 » მამა გაბრიელი - ცოდვასა და სინანულზე
00:36 მამა გაბრიელი - ცოდვასა და სინანულზე |
![]() მაცხოვარი ბრძანებს: "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". მიუხედავად ცოდვათა სიმძიმისა, მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანმა შესცოდა, არამედ ამ ცოდვათა შეუნანებლობა. წმიდა იოანე ნათლისმცემელი პირველად ასე მიმართავდა ხალხს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებული არს სასუფეველი ცათა". არ ამბობდა როგორ შესცოდეთ, როგორ გაბედეთო, არამედ შეინანეთო. (მათე, 3-2). ასევე მოუწოდებდა ხალხს უფალი იესო ქრისტე თავის პირველ ქადაგებაში: "შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 4,17) ე.ი. უმთავრესია ცოდვების მონანიება. ყოველივეს გამჩენმა იცის, რომ ადამიანი უძლურია; ვერ შესძლებს, რომ არ სცოდოს, ამიტომ ცოდვებზე მეტად ამ ცოდვათა შეუნანებლობას მოჰკითხავს. რა არის ცოდვა. არსებობს ხალხში გავრცელებული გამოთქმა: "არ ცოდნა არ ცოდვააო". ეს არასწორია. შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ ნაკლები ცოდვაა. ცოდვის შესაფერი პასუხი კი ყველას აუცილებლად მოეკითხება. ხშირად ადამიანმა მართლაც არ იცის რა არის ცოდვა. ღვთის მოწინააღმდეგეობა და ათი მცნებიდან ნებისმიერის დარღვევა ცოდვაა. ასევე ყოველი ის სიტყვა და საქმე, რომელსაც ადამიანი გამჟღავნების შიშითა და სირცხვილით მალავს. რა აღძრავს სირცხვილს? რა თქმა უნდა სინდისი. ბევრი ემორჩილება სინდისის ხმას, ბევრი კი საკუთარი ნებით ახშობს მას და სჩადის მრავალ ცოდვასა და დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე სარწმუნოებაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებიც კი ვერ გაიმართლებენ თავს ღვთის მართლმსაჯულების წინაშე, რადგან უფალმა ყოველ ადამიანში ჩადო სინდისი. ეს "პატარა ღმერთი", რომელიც გამუდმებით ზუსტად ახვედრებს ადამიანს, რა არის კარგი და რა ცუდი, რა სასახელო და გამოსაჩენი და რა სამარცხვინო და დასამალი. ცოდვილთა შეწყალებაზე. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ ყველაზე დიდი ცოდვილია. ფიქრობს, რომ მას ადამიანების მსგავსად ღმერთიც არ აპატიებს თავის ჩადენილ ცოდვებს. ამიტომ უჭირს მოძღვართან აღსარების თქმა და ცოდვების გამხელა. შეცდომით ასკვნის, რომ მძიმე ცოდვები არ ეპატიება და მნიშვნელობა არ აქვს შედარებით ნაკლებ ცოდვებზე თავშეკავებას, წუთისოფლის სიამეების მოკლებას. მსგავსი შეხედულებების მიზეზით, რომ ცოდვილი ადამიანი დიდხანს არ დაბრკოლდეს სათანადო სულის მაცხოვნებელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისაგან, შევახსენებ მაცხოვრის მანუგეშებელ სიტყვებს: "მოვედით ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ". ასევე დაწერილს: "არა არს ცოდვა, სინანულს აღემატებოდეს". უნდა ითქვას, რომ ვერ მოიფიქრებ და ვერც ჩაიდენ იმაზე მეტ მძიმე ცოდვას, რომელიც უფლის მოწყალებას გარდაემეტება. იმდენად დიდია და ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი უფლის მოწყალება, რომ შედარებისათვის შეიძლება ითქვას: უფლის მოწყალება ოკეანეა, ჩვენი ცოდვები კი პატარა კენჭები. რა დაეტყობა ოკეანეს ასეთი კენჭებისგან, თუნდაც ბევრი და დიდებიც ჩაყარო შიგ? რა თქმა უნდა არაფერი. ასევე არაფერი იქნება ჩვენი ცოდვები, მიუხედავად მათი სიმძიმისა უფლის მოწყალებასთან, მხოლოდ სათანადო სინანულის და აღსარების შემდეგ. პ.ს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ადამიანები წინასწარ და შეგნებულად სჩადიან ცოდვებს შემდეგ შენანების იმედით. ეს მეტი ცოდვა და დანაშაულია. მითუმეტეს არავინ იცის თავისი ხვალინდელი დღის შესახებ. "მამა გაბრიელის ნაუბარი" ავტორი ოთარ ნიკოლაიშვილი. |
|
სულ კომენტარები: 0 | |