მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » მამა გაბრიელი - ჯვარზე და რჩევის მიცემაზე
03:10
მამა გაბრიელი - ჯვარზე და რჩევის მიცემაზე
მამა გაბრიელი - ჯვარზე და რჩევის მიცემაზე - OFFLine.Ge

ჯვარი ყოველთვის უნდა გვეკეთოს

ხშირად გამოუცდელობით ახლადმოქცეული მორწმუნეც კი ჯვარს მორიდებისა და პატივისცემის მიზნით იხსნის. მაგალითად: ბანაობის, ცურვის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს. ბევრი კი ძილის წინაც იხსნის ჯვარს. ასევე შეიძლება იყოს სხვა მაგალითებიც.
ყოველგვარი მორიდება და ჯვრის პატივისცემა დანახულია უფლის თვალში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი მიზეზების გამო მისი გულიდან მოხსნა მცდარი მოსაზრებაა, უფრო მეტიც - ყოვლად დაუშვებელია.
ნებისმიერი მსგავსი მოქმედების დროს ჯვარი მუდამ უნდა გვეკეთოს, რომელიც ყოველწუთს და წამს გვიცავს განსაცდელისაგან. ხომ შეიძლება, ჩასაფრებული ბოროტი სული სწორედ მსგავსი შემთხვევის დროს ეკვეთოს ადამიანს, ან ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვალოს ადამიანი. უჯვაროდ როგორ უნდა წარსდგეს ღვთის წინაშე. ბოროტი სულიც ხომ ადვილად ეპატრონება უჯვაროდ დარჩენილ სულს.
ამიტომ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ჯვარი მუდამ თან განუყრელად ვატაროთ. დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში კი სასწრაფოდ შევიძინოთ ახალი. აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა თავის სახელზე ნაკურთხი ჯვარი ატაროს.


ჯვარი ყველაფერს უნდა გადავსახოთ

ერთხელ მამა გაბრიელმა ჭიქით წყალი მომაწოდა.
მე პირდაპირ გამოვართვი, მან კი მითხრა,
რა ადვილი ყოფილა შენი დაღუპვაო.

აუცილებელია ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავსახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით საჭმელ - სასმელს, რადგან ჯადოს მოქმედების უმეტესი მავნებლობაც ამ გზით ვრცელდება.
ჯვარი ყოველივე ბოროტების დამწველია. რადიაციაც კი ძალას კარგავს საკვებზე ჯვრის გადასახვის შემდეგ. მოწამლულიც რომ მოგაწოდოს ვინმემ, მისგან დაგიფარავს. მაგრამ თუ შენ წინასწარ იცი რომ მოწამლულია, აუცილებელია ასეთისგან თავი შეიკავო, რომ უფლის გამოცდაში არ ჩაგეთვალოს და არ დაიღუპო.
ნუ მოგერიდებათ, რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გადასახოთ, სადაც არ უნდა იყოთ და ვისგანაც არ უნდა იღებდეთ რამეს. წმინდანს და მორწმუნეს ეს არასოდეს ეწყინება, რადგან ამაში შენს რწმენას დაინახავს. ურწმუნოს აზრი კი შენ არ უნდა გაინტერესებდეს და თუ მაინც ისეთ სიტუაციაში ხარ, რომ გერიდება ვინმესგან მოწოდებულს ხელით ჯვარი გადასახო და შემდეგ გამოართვა, მაშინ თვალით და გონებით მაინც გადასახე ჯვარი შემდეგი სიტყვებით: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.


რჩევის მიცემაზე

ნათქვამია: "იერუსალიმში წამსვლელს ნურც ურჩევ და ნურც დაუშლი. დაღათუ წავიდეს და იქ წარწყმდეს, დაღათუ დარჩეს შენი რჩევით და აქ წარწყმდეს", მიზეზი შენ გამოდიხარ და ცოდვის პასუხისმგებლობა და სასჯელიც შენ გედება.
აქედან გამომდინარე ძალიან დასაკვირვებელია, ისეთი რამ არ ურჩიო შენს ახლობელს, რომ ზიანი მიიღოს და შენც სასჯელად დაგედოს. ასე ითქმის, როცა შენი სურვილით კარგი გინდა ვინმესთვის, მაგრამ უნებურად, გულისხმისყოფისა და გამოცდილების გარეშე ცუდი გამოგივა.
სულ სხვაა და განსაკუთრებით მძიმედ მისატევებელი ცოდვაა, როცა ადამიანი წინასწარ შეგნებულად, მზაკვრული რჩევით აცთუნებს ვინმეს. სახარებაში გადმოცემულია მაცხოვრის სიტყვები: "ვაჲ მაცდურთა უმჯობეს იყო მისთვის წისქვილის ქვა შეება და დანთქმულიყო ზღვაში და არ გაჩენილიყო ამ ქვეყნად". ასეთი მწარე და სასტიკი სასჯელი ელოდება უფლისგან ყველას, ვინც შეგნებულად აცთუნებს ვინმეს.
საერთოდ კეთილის მომტანი რჩევა სიკეთე და სიბრძნეა. ეს რომ შეგეძლოს, თავად უნდა იყო კეთილი და ბრძენიც. სიბრძნე კი გამოცდილებაშია. ზოგიც ისეთი საკითხია მომავლის ჭვრეტის უნარსა და მადლს მოითხოვს და როცა ამაში ეჭვი გეპარება, უმჯობესია რჩევისაგან თავი შეიკავო.
გამონაკლის შემთხვევაში გულწრფელობით შეგიძლია თქვა: ვერ გირჩევ, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი. ესეც ერთგვარი რჩევაა, მაგრამ არ განიკითხები, როცა გულთამხილავმა უფალმა იცის, რომ წაქეზებით და ფარული ორგულობით არ იყო ნათქვამი.
საუკეთესო გამოსავალი მხოლოდ ერთია: ჩვეულებრივმა ადამიანმა მიუთითოს მის მოძღვარზე, გამოცდილ სასულიერო პირზე, ბრძენზე და თუ იცის წმინდანზე.
საერთოდ ადამიანმა უნდა ილოცოს, რომ უფალმა მიმადლოს კეთილი რჩევის მიმცემი.

"მამა გაბრიელის ნაუბარი" ავტორი ოთარ ნიკოლაიშვილი.
ნანახია: 823 | დაამატა: ana | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: