მთავარი » 2010 ივნისი 25 » მამა გაბრიელი - აბორტზე
07:50 მამა გაბრიელი - აბორტზე |
![]() ერთხელ ეკლესიაში მრევლმა მთხოვა ერის გამრავლებისათვის გადამეხადა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. გადავიხადე და შემდეგ დავბრუნდი მცხეთაში. ღამით ასეთი სიზმარი ვნახე: ვდგევარ მინდორში. უცებ მომიახლოვდა ძველი მეომარივით ჩაცმული, ფარით და შუბით აღჭურვილი ორი პირქუში კაცი. მკლავზე ხელი მომკიდეს და ძალით მიმიყვანეს ეკლესიის მსგავს შენობასთან, რომელსაც თავზე ჯვარი არ ჰქონდა. შენობას ორი კარი ჰქონდა, შესასვლელი და უკან გასასვლელი. მაიძულეს წინა კარით შევსულიყავი და კარიც მომიხურეს. შესვლისთანავე შეძრწუნებული კედელს გავეკარი, რადგან იატაკი სისხლის გუბით იყო სავსე, ჭერიდან კი ყველგან განუწყვეტლივ ცვიოდა სისხლიანი ნაკუწები. ვხედავდი, რომ ეს იყო ჩვილი ბავშვების დაგლეჯილი და დანაწევრებული სხეულის სხვადასხვა ნაწილები: ხელები, ფეხები, თითები, ყურები, ტანი, პირი, ცხვირი, თავი და სხვა. იატაკს შუაში დიდი ხვრელი ჰქონდა, საიდანაც სისხლში არეული ის ხორცის ნაფლეთები დაბრუნებული მორევივით სწრაფად რაღაც სიბინძურეში გაედინებოდა, მიუხედავად ამისა მთელი იატაკი მუხლის სიმაღლემდე სავსე იყო სისხლის გუბით, რადგან გამუდმებით ემატებოდა და ემატებოდა ჭერიდან ჩამოსული სისხლი და სისხლიანი ნაკუწები. უაღრესად შეშინებულსა და შეწუხებულს გამოსვლა და იქაურობიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ კარები მაგრად იყო ჩარაზული. ასეთ დროს უცებ გაისმა ხმა: მობრძანდება, მობრძანდებაო. ამ სიტყვებზე კარებიც გაიღო და დავინახე, როგორ მობრძანდა ანგელოზებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი. მან მკაცრად თქვა: მევედრებით სიკეთეს და გამრავლებას, მაგრამ როგორ გაგამრავლოთ ან რისთვის, რომ კიდევ მეტი ბავშვები ხოცოთ?!... ამ სიტყვებმა, ღვთისმშობლის ხმამ და სახემ, ნანახზე კიდევ მეტად შემაძრწუნა. მე არავის ვუსურვებ თუნდაც ერთხელ, შორიდან იხილოს ღვთისმშობლის მწყრალი სახე. ამ სიზმარმა თუ ხილვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რაოდენ დიდ ცოდვაშია ჩვენი ერი. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით სამდურავი მხოლოდ ჩვენს თავზე გვეთქმის და ისიც საკვირველია თუ რატომ კიდევ უფრო მეტად არ ვისჯებით იმ უმძიმესი ცოდვის გამო, რომელსაც მკვლელობა ჰქვია. უმწეო ჩვილ ბავშთა მკვლელები კი თითქმის ყოველ ოჯახშია. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისგან მონიჭებული სიცოცხლის ხელყოფა ანუ უმწეო არსების აბორტით მოკვდინება მკვლელობის მძიმე ცოდვაა. ეს ცოდვა ამქვეყნადაც გვეკითხება და გაცილებით მეტად კი იმ ქვეყნად მოგვეკითხება. განსაკუთრებით მძიმედ კი იმ მკვლელ ექიმ-გინეკოლოგებსა და ქირურგებს, რომელნიც არა დაგიდევენ ღვთის წყალობას, მომავალ სიცოცხლესა და ერის გამრავლების საკითხებს. სხვა ცოდვილ ადამიანთა მსგავსად, გამოსავალი აქაც მხოლოდ ერთია, დიდი სინანული, აღნიშნული ცოდვების მღვდელთან აღსარებით მონანიება და მოძღვრის რჩევებით ეკლესიური ცხოვრების დაწყება. "მამა გაბრიელის ნაუბარი" ავტორი ოთარ ნიკოლაიშვილი. |
|
სულ კომენტარები: 0 | |