მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 4 » ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი პირველი)
21:56
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი პირველი)
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი პირველი) - OFFLine.Ge

ცოლ-ქმრულ მოვალეობათა შესახებ წმიდა წერილის განმარტება და ხალხისთვის ქადაგება მოძღვართა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. ამ მხრივ, წმიდა იოანე ოქროპირის სწავლება ქრისტიან მეუღლეთა მოვალეობების შესახებ თავისი სიღრმითა და სისრულით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

წმიდა იოანე ოქროპირი თავის დარიგებებში მეუღლეთა ურთიერთობაში არსებული ნაკლოვანებების მხილებისას ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მათ გარეგნულ გამოვლინებებზე, არამედ ხსნის მათ გამომწვევ ფარულ მიზეზებსაც. იოანე ოქროპირი განსაკუთრებით განმარტავს მეუღლეთა მხრიდან საკუთარი მოვალეობებისადმი ერთგულების აუცილებლობას. მისი მხილება ემსახურება სიბილწის მთელი არსით წარმოჩენას და მისი აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებების მითითებას. თოთხმეტ საუკუნეზე მეტია გასული იოანე ოქროპირის ეპოქიდან, მაგრამ თანამედროვე საზოგადოების პრობლემათა განხილვისას შევნიშნავთ, რომ ახლაც. ისევე, როგორც მაშინ, ადამიანები ხშირად ცხოვრობენ არაჯანსაღი სურვილებით, ქორწინდებიან სხვადასხვა ბილწი ვნებებით აღტკინებულნი, არღვევენ ქორწინების უბიწოებას, წესისამებრ არ ასრულებენ მოვალეობებს. ამ უსჯულოების შესაბამისად კი იმკიან სხვადასხვაგვარ უბედურებებს.
ამ დიდი მოძღვრის შეგონება, რომელიც მაშინდელი ქრისტიანი მეუღლეების სულთა ცხონების საქმეს ემსახურებოდა, არც დღეს არის მნიშვნელობას მოკლებული. იგი დღესაც ისევე დადებითად მოქმედებს ქრისტიანთა სულებზე.
ცოლ-ქმრის მოვალეობათა უმწიკვლოდ შესრულება მხოლოდ იქ არის შესაძლებელი, სადაც ამ კავშირს პატივს სცემენ. ქორწინების არსის არასწორი გაგება, ბუნებრივია, ვერ გახდება საფუძველი მათი მოვალეობების უმწიკვლო შესრულებისათვის. ცოლ-ქმრული კავშირის განსაკუთრებულობის წარმოსაჩენად იოანე ოქროპირი ეყრდნობა სამ ძირითად მომენტს: ადამიანის ბუნებრივ ლტოლვას ამ კავშირისაკენ, ღვთაებრივი კანონის ძალას და იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც წმიდა ეკლესია ანიჭებს ქორწინების საიდუმლოს. განმარტავს რა პავლე მოციქულის სიტყვებს - "საიდუმლოი ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ეფეს. 5, 32), მიუთითებს, რომ ეს კანონი მაღლა დგას ყოველგვარ ადამიანურ ჩვევებსა და ანგარებიან გათვლებზე და, ვინაიდან იგი თავისი წარმოშობით ღვთიურია, გულისხმობს არა მხოლოდ ხორციელ კავშირს, არამედ, წმ. მოციქულის სიტყვებზე დაყრდნობით, ქრისტეს ეკლესიასთან ერთობას. "საიდუმლო ესე დიდ არს". რატომ, თუნდაც იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც მანამდე არ იცნობდა თავის საქმროს (უფრო სწორად, იქამდე, სანამ ის საქმრო გახდებოდა), პირველსავე დღეს მთლიანად ეთვისება მას და უყვარს, როგორც საკუთარი სხეული. მეორე მხრივ, ვაჟიც, რომელსაც მანამდე არც კი ენახა თავისი რჩეული, შეხვედრის პირველივე დღიდან უპირატესობას მას ანიჭებს და ყველა მეგობარზე, ახლობელზე და თვით თავის დედ-მამზეც მაღლა აყენებს. მშობლებიც კი, რომლებიც ქონების დაკარგვის შემთხვევაში დიდ მწუხარებას მიეცემოდნენ, თავის შვილს მანამდე უცნობ ადამიანს აძლევენ, თან სიმდიდრის გარკვეულ ნაწილს სჩუქნიან და ამას ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებენ.


წმიდა მოციქული, სწორედ, ამ გარემოებას უსვამს ხაზს, რომ ქალ-ვაჟი ტოვებს რა მშობელს და უკავშირდება ერთმანეთს, ეს კავშირი უფრო მყარი და სერიოზულია, ვიდრე ერთი ადამიანის მეორესთან შეჩვევაა, რადგანაც ეს ურთიერთობა არის ღვთაერბრივი, ღმერთის მიერ დადგენილი და არა - ადამიანური. სწორედ, ამიტომ ამბობს მოციქული: "საიდუმლო ესე დიდ არს", შემდეგ მიუთითებს ამ კავშირის მსგავსებას ქრისტესა და ეკლესიას შორის მიმართებასთან: როგორც საქმრო ტოვებს მამას და მიდის საცოლესთან, ასევე დატოვა მაცხოვარმა მამისეული ტახტი და შეუერთდა თავის სასძლოს, ანუ ეკლესიას. ჩვენ კი არ მოგვიწოდა ზეცაში, არამედ თვითონ მოვიდა ჩვენთან. სწორედ ამიტომ ამბობს მოციქული: "საიდუმლო ესე დიდ არს!" დიდებულია ეს საიდუმლო მაშინაც, როცა ადამიანთა მოდგმას ეხება, მაგრამ პავლე მოციქული მიგვითითებს, რომ იგივე ურთიერთობაა ქრისტესა და ეკლესიას შორისაც, ამით თვითონაც განცვიფრებულია და ზემოთ აღნიშნული სიტყვების შემდეგ დასძენს: "ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ეფეს. 5,32).
საქორწინო კავშირი არის არა მხოლოდ ფიზიკური ერთიანობა, არამედ ცოლ-ქმრის შინაგანი, სულიერი მთლიანობა, რაც აუცილებელია ურთიერთშემწეობისათვის მორალური სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში, ამიტომ ოჯახის ერთობა, ქორწინებით დაკავშირებული და, ამგვარად, ღვთისაგან ნაკურთხი, ადამიანთა ურთიერთობის საუკეთესო ფორმა იქნება, თუ თითოეულ პიროვნებას გაცნობიერებული ექნება ქორწინების ზნეობრივი მიზანი და ამ მიზნისკენ სწრაფვის აუცილებლობა. "ისმინეთ ესე, ქმრებო, ისწავლეთ ცოლებო, - ამბობს ოქროპირი და მიუთითებს აბრაამისა და სარას წმინდა ცხოვრებაზე, - ყველამ უნდა მივბაძოთ მათ. დაე, ქმარი ცოლისთვის იყოს ყველაზე ძვირფასი, ხოლო ცოლი - ქმრისთვის ყველაზე საყვარელი. ქალი მეუღლის თანამოაზრე უნდა იყოს, ამაზეა დამოკიდებული მთელი სამყაროს კეთიდღეობა. რადგანაც მსოფლიოში უამრავი ქალაქია, ქალაქები ოჯახებითაა დასახლებული, ხოლო ოჯახი - ცოლი და ქმარია. როდესაც მათ შორის რაიმე უთანხმოებაა, ეს აუცილებლად აისახება საზოგადოებაზე, ხოლო მისი გართულებული ვარიანტი შეიძლება საზოგადოებრივი კონფლიქტის, ან უარეს შემთხვევაში, ომის სახითაც მივიღოთ. ქორწინება შეიძლება იყოს როგორც დიდი უბედურების, ასევე დიდი სიკეთისა და კეთილდღეობის სათავე. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა" (ეფეს. 5,22). რატომ ენიჭება ამას ასეთი მნიშვნელობა? პასუხი ცალსახაა: როდესაც მეუღლეები ურთიერთშეთანხმებულად ცხოვრობენ, სწორად ზრდიან შვილებს - ეს მეზობლებზე, მეგობრებსა თუ ნათესავებზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დგება და ომის დროს ჯარის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოებით გამოწვეულ აურზაურს ემსგავსება.


ადამიანთა საზოგადოება ქორწინების მნიშვნელობას ოქროპირის დროსაც და ახლაც არასწორად იგებს. IV საუკუნეში არსებობდა მარკიანესა და მანიქეის მწვალებლობები, რომლებიც გმობდნენ ქორწინებას, აცხადებდნენ მას არა ღვთისაგან დადგენილად, არამედ - ბოროტი ძალების მიერ დაწესებულ კანონად და ამის საფუძველზე ქადაგებდნენ ქალწულების დაცვის აუცილებლობას. ჩვენს დროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ცოდვად აცხადებენ და თავიანთ მიმდევრებს მოუწოდებენ ამ ურთიერთობისაგან თავის შეკავებისაკენ, რადგან, მათი თქმით, ქორწინებაში მყოფთათვის ცხონება შეუძლებელია. სწორედ ამგვარად მოაზროვნეთათვის დაწერა იოანე ოქროპირმა წიგნი ქორწინების შესახებ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ქალწულება არ შეიძლება იყოს ღვთისაგან მოსაწონი, თუ ის ქორწინების გმობის საფუძველზე იქადაგება, რადგან ამ შემთხვევაში ქალწულებას იცავენ არა თავისუფალი ნებით, არამედ - იძულებით. ქორწინების გმობა არის არა ქრისტიანული, არამედ - ეშმაკის ჩაგონებით გამოწვეული, რომელიც იმავდროულად, სიწმინდის მტრადაც გვევლინება. "სად მიგიჩინოთ ადგილი? - ეკითხებოდა ოქროპირი ქალწულ ერეტიკოსებს, - იუდეველებთან? შეუძლებელია, რადგან ისინი პატივს სცემენ ქორწინებას. ჩვენთან? მაგრამ თქვენ ხომ არ გესმის ქრისტეს სიტყვები, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით გვამცნობებს: "პატიოსან არს ქორწილი ყოველითავე და საწოლი შეუგინებელ" (ებრ.13,4). "მათთვის, - განაგრძობს ოქროპირი, - განმზადებულია ცრემლი, მწუხარება, საუკუნო სატანჯველი, რადგანაც მათ ქალწულება ღვთის კანონის საწინააღმდეგოდ აირჩიეს. მწვალებლების უბიწოება შეურაცხყოფს ღვთის სიბრძნეს. აშკარაა მათ მოქმედებაში ეშმაკის ზეგავლენა. მათი ქადაგება, რომ ნამდვილად ბოროტი ძალებისადმი მორჩილებაა, ამას არა ჩემი, არამედ მოციქულის სიტყვები ადასტურებს: "ხოლო სული წმიდაი ცხადად იტყვის, რამეთუ უკანაისკნელთა ჟამთა გან-ვინმე-ჰსდგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდნენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა... აყენებდნენ ქორწილსა და განაშორებდნენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბანა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათვის და რომელთა იციან ჭეშმარიტებაი (I ტიმ. 4,1-3).

ქორწინების გმობის მიზეზი ამ მოძღვრების მიმდევართა მიერ სულის გადარჩენისა და ხსნის არასწორი გაგებაა, ამის საფუძველზე ქორწინება მათ სულის ცხონების საწინააღმდეგო ურთიერთობად მიაჩნიათ. იოანე ოქროპირი ილაშქრებს ასეთი მცდარი მოძღვრების წინააღმდეგ, მიუთითებს აკვილასა და პრისკილას მაგალითზე და სვამს კითხვას: "რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან? უწინარესად ის, რომ დაუშვებელია ქორწინების გმობა, ოჯახის, შვილების აღზრდის, საზოგადოებრივი საქმიანობის ცხონების საწინააღმდეგო ქმედებად მიჩნევა. აკვილა და პრისკილა ცოლ-ქმარი იყვნენ, ჰქონდათ სამხატვრო სახელოსნო და ზნეობრივად გაცილებით დიდ სიმაღლეზე იდგნენ, ვიდრე ზოგიერთი მონასტერში მცხოვრები". სხვაგან მას ისაია წინასწარმეტყველის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც ცოლი ჰყავდა და ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, ეხილა უფლის დიდება. "მეუღლეობა არ არის ჩვენთვის დაბრკოლება ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე, რადგანაც ცოლი რომ მზაკვრობის სათავე ყოფილიყო, მას ღმერთი ადამს არ დაუდგენდა თანაშემწედ. განა არ ჰყავდა წმიდა ისაია წინასწარმეტყველს ცოლი? მაგრამ ამას არ დაუბრკოლებია ის მადლის მისაღებად. ის ცხოვრობდა ცოლთან, მაგრამ იყო წინასწარმეტყველი. განა მოსეს არ ჰყავდა ცოლი? ამის მიუხედავად ღმერთს ესაუბრებოდა და ღმერთიც ისმენდა მის ვედრებას. აბრაამსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ ეკლესიის მამამთავარი გახდა. შეუშალა ხელი ქორწინებამ? მაკაბელთა დედაც ხომ ცოლი იყო, ეკლესიას კი შვიდი წმიდანი შვილი შესძინა, მათი წამების მოწმე გახდა, და მაინც კლდესავით შეურყეველი იყო, თითოეული შვილის წამების შემყურე, შვიდმაგი ტანჯვის გადამტანი. ის დედა იყო და ბუნებრივ ინსტიქტს შეიძლებოდა მისი რწმენა დაეჩრდილა, მაგრამ სულიერ ჭიდილში ის არ დამარცხებულა. წმიდა პეტრე მოციქული - ეკლესიის დამაარსებელი, ქრისტეს მხურვალედ შემყვარებელი, რიტორთა დამმარცხებელი, გაუნათლებელი - მაგრამ ბრძენივით მეტყველი, ელინური სიბრძნის დამარღვეველი, თავისი ბადით მთელი სამყაროს მომნადირებელი - განა უცოლოდ იყო? სახარებაში ვკითხულობთ: "ხოლო სიდედრი სვიმონისი დავრდომილ იყო" (მარკ. 1,30). ბუნებრივია, თუ ჰყავდა სიდედრი, ცოლიც ეყოლებოდა. გავიხსენოთ, თუნდაც, ქორწილი კანას გალილეაში, როდესაც ქრისტემ წყალი ღვინოთი შეცვალა და ამგვარად აკურთხა ქორწინება. ქორწინების მოწინააღმდეგენი მიუთითებენ ცოლის მხრივ ქმარზე ცუდი ზეგავლენის მაგალითებზე და ამის საფუძველზე აკეთებენ ქალის დამამცირებელ დასკვნას, რომ ის არის ყველა უბედურების და ბოროტების მიზეზი. წმიდა იოანე ოქროპირს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო, უპასუხოდ დაეტოვებინა ასეთი არაქრისტიანული შეხედულება. მას მოჰყავს სათნო ცოლების მაგალითები, ხოლო საპირისპირო შემთხვევების ახსნისას მამაკაცის სისუსტეს მიიჩნევს იმის მიზეზად, რომ ცოლს შეუძლია მისი ცდუნება. "თუ შენი ცოლი კეთილია, - ამბობს ის, - შენი დამხმარეა და თუ არ არის, შეეცადე თავად შენ, რომ დამხმარედ გაიხადო. იობის ცოლიც ავისმზრახველი იყო, რადგან ქმარს ღვთის გმობისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ის თითქოს ქარბუქს აყენებდა, მაგრამ ნავი მაინც თავის გზით მიდიოდა, მისი თავდასხმები ნაყოფს ყრიდა, ხე კი უვნებლად იდგა, ფოთოლი გასცვივდა, ფესვი კი უვნებელი გადარჩა. ამას იმისათვის ვამბობ, რომ არავინ იწუწუნოს ცოლის ცუდი საქციელის გამო. ბოროტია ის? გამოასწორე! თუ შენ მეტყვი, რომ ქალმა განმდევნა სამოთხიდან, მე გიპასუხებ: ქალმა აღგამაღლა ზეცამდე. იობის ცოლი ბოროტია? სუსანა კეთილია. ეგვიპტელი მრუშია? სარა უბიწოა!".
 
 
ნანახია: 675 | დაამატა: cotne97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 سامر  
0
მინდა ოჯახის შექმნა საქართველოში
Men2011@msn.com

სახელი *:
Email *:
კოდი *: