მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 4 » ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეორე)
21:57
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეორე)
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეორე) - OFFLine.Ge

იოანე ოქროპირი ასახელებს ორ უმთავრეს მიზეზს, რის გამოც ადამიანს ქორწინების კანონი დაუდგინდა: ქორწინება კაცობრიობის გამრავლებას ემსახურება და არის ძირითადი პირობა სიძვის თავიდან ასაცილებლად. იოანე ოქროპირი სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოუწოდებდა, დაქორწინებულიყვნენ, რათა ამ გზით დაეცვათ თავი ავხორცობისაგან, "ქორწინება, - ამბობს ის, - არის დაწესებული შვილების გასაჩენად და უფო იმიტომ, რომ სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიოკო. ამაზე მიუთითებს პავლე მოციქულიც: "ხოლო სიძვისათვის კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვინ" (Iკორ. 7,2). მას არ უთქვამს, შვილების გასაჩენადო, არამედ ხაზს უსვამს ქორწინების, სწორედ, ამ დანიშნულებას. თავდაპირველად ქორწინების მთავარი მიზანი გამრავლება იყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მთელი დედამიწა დასახლდა ადამიანებით, მისი ძირითადი მისია ავხორცობის თავიდან აცილება გახდა, რადგან თუ ადამიანი უქორწინებლად მიეცემა ვნებებს, სულს დაიღუპავს, ქორწინება კი გაათავისუფლებს მას სიბილწისაგან და ძალას მისცემს, შეინარჩუნოს სიწმიდე".
იოანე ოქროპირი საგანგებოდ განმარტავს პავლე მოციქულის სიტყვებს - "სიძვისათვის კაცად-კაცადსა თვისი ცოლი ესვინ", - "ჯვრისწერა დადგენილია არა სიღარიბის თავიდან ასაცილებლად და სიმდიდრის მოსაპოვებლად, არამედ - ავხორცობისაგან თავდასაცავად, თავშეკავებული ცხოვრებით ღვთის მცნებების აღსასრულებლად. ქორწინებას მოაქვს ცოლით კმაყოფილება - ესაა მისი ნაყოფი და სარგებელი. ადამიანმა იმისთვის უნდა იქორწინოს, რომ იცხოვროს მშვიდად და უბიწოდ"...
იმისათვის, რომ ადამიანმა ჯვრისწერით სულის სიმშვიდე და სიმყუდროვე მოიპოვოს, ოჯახში ერთსულოვნება და მშვიდობა დაამყაროს, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ოქროპირი ქორწინების მსურველებს ურჩევს, კარგად გაეცნონ ქრისტეს ეკლესიის მიერ ჯვრისწერასთან დაკავშირებულ კანონებს, კარგად ჩაუფიქრდნენ, აწონ-დაწონონ და ამგვარად მოიპოვონ ოჯახური ბედნიერების უფლება.
ცოლ-ქმრული ბედნიერება უმთავრესად დამოკიდებულია პიროვნებათა ხასიათის თავისებურებებზე. საცოლისა და საქმროს არჩევისას იკვეთება მომავალი ოჯახის კეთილდღეობისა და უბედურების ალბათობა. იოანე ოქროპირი ამ საკითხს უმთავრეს ყურადღებას აქცევს. საცოლეში ვაჟი უწინარესად სათნო სულსა და ზნეობრივ სიწმინდეს უნდა ეძებდეს. ბევრს არა აქვს ცოლისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც გონება კარნახობს, ამიტომაც ვურჩევ მამაკაცებს, ცოლად ისეთი ქალი მოიყვანონ, რომელიც ზნეობითა და სათნო საქციელით გამოირჩევა".


იოანე ოქროპირი ქორწინებას განიხილავს, როგორც ორი გულის კავშირს, რომელიც დამყარებული უნდა იყოს გულწრფელობასა და ურთიერთნდობაზე, რათა ზუსტად ასახავდეს ქრისტეს დამოკიდებულებას ეკლესიისადმი, ამიტომაც ის ცდილობდა, ყველა საშუალებით დაემტკიცებინა, რომ ანგარებიანი ე.წ. "კეთილგონივრული" არჩევანი ქალის მხრივ, შეურაცხმყოფელია ქორწინების სიწმინდისათვის, დამამცირებელი მისი ღირსებისათვის და მავნებელი - თავისი შედეგებით.
ოქროპირი გვირჩევს, რომ უმჯობესია ქორწინება ღარიბთან, მაგრამ ზნეკეთილთან, ვიდრე მდიდართან, "საჭიროა მხოლოდ ერთი რამ ვეძებოთ - სულიერი სიკეთე და ზნეობრივი სიწმინდე, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ოჯახური სიმშვიდე ბედნიერება და სიყვარული. ვინც ცოლად ირთავს თავისზე მდიდარს, ქორწინება არა ქალზე, არამედ - ქალბატონზე".
ანგარებითი ქორწინების გარდა არსებობს ე.წ. სიყვარულით ქორწინება, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვნებით ნაკარნახევი კავშირი. ამ ნაბიჯს, ძირითადად, ახალგაზრდები, ცხოვრებაში გამოუცდელნი დგამენ. ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინების საფუძველი არის ადამიანის არა შინაგანი მშვენიერება, არამედ - გარეგანი ხიბლი და არცაა გასაკვირი, რომ ასეთი ქორწინების უმრავლესობა უიღბლოა. იოანე ოქროპირი არაერთხელ მიუთითებდა ახალგაზრდებს ხორციელი გატაცების მავნებლობაზე და იმ მწარე, ამაო სინანულზე, რომელიც ამ გატაცებას მოჰყვება ხოლმე ხშირად. ჯვრისწერის მსურველებსა და მათ მშობლებს ის არწმუნებდა, რომ ხორციელი სილამაზე არაარსებითია და წარმავალი, ის არ შეიძლება, ოჯახური ბედნიერების შეურყეველი გარანტი იყოს, ხოლო ჭეშმარიტი, ანუ გულის სილამაზე, სულის თვისებებში უნდა ვეძებოთ, რომელთა გარეშეც ხორციელ სილამაზეს ფასი არა აქვს. "სილამაზე არის არა სხეულში, - ამბობს ის მათეს სახარების ერთი ადგილის განმარტებისას, - არამედ ხასიათის იმ თვისებებში, რომელთაც სული აყალიბებს. მე გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყნად ყოველივე ამაღლებულ სულზეა დამოკიდებული. თუ სული ხარობს, ადამიანის სახეც ისეა გაბრწყინებული, თითქოს ვარდი ეშლებოდეს ღაწვებზე , თუ მწუხარედაა, თითქოს სხეულიც შავი სამოსლით იმოსება, ხოლო თუ უზომოდ მხიარულობს, ხორცი თითქოს უძლურდება. შურიანი სული სხეულს ადუნებს და აფერმკრთალებს, ხორცი განსაკუთრებით სათნოა, როდესაც მასში სიყვარულით გამთბარი სული სახლობს. ამიტომ ბევრი ქალი შეიძლება, არ გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ მაინც მომხიბვლელი იყოს და პირიქით, შეიძლება ხორცით ლამაზი იყოს, მაგრამ არ გიზიდავდეს სულიერი მშვენიერების სიმწირის გამო. თავად განსაჯე: თეთრ სახეს როგორ ხიბლს ჰმატებს სირცხვილის გრძნობით შევარდისფერებული ლოყები და, მეორე მხრივ, ურცხვი სული, გარეგნულ გამოხატულებაში ყოველგვარ ცხოველზე შემზარავია. მორცხვი და მოკრძალებული ადამიანი თავისთავად სათნოა. არაფერია ქვეყნად უფრო მშვენიერი, ვიდრე კეთილი სული. ამიტომ, როდესაც ხედავ ლამაზ გარეგნობას, ეცადე, გამოიცნო, როგორია შინაგანი სამყარო და, თუ ის უშნო აღმოჩნდება, მაშინ გარეგანიც მოიძულე".


საცოლის შერჩევისას მხოლოდ ფიზიკური მშვენიერებით ტკბობა ერთობ სახიფათოა, რადგან მარტოოდენ ამ მოტივით ნაკარნახევი სიყვარული ძალიან ხანმოკლეა და მაშინვე ქრება, როდესაც დამალული სულიერი სიმახინჯე გამოიკვეთება. "სილამაზემ სათნოების გარეშე - ოქროპირის თქმით - შეიძლება მოგხიბლოს ათი, ოცი, თუნდაც ოცდაათი დღით, მაგრამ ამ ძალას უფრო ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებს, რადგან სიყვარულით აღტკინება ქრება ბოროტების გამოვლენისთანავე და პირიქით, ქალები რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან შინაგანი ღირსებებით, დროთა განმავლობაში უფრო დიდ სიყვარულს იმსახურებენ თავიანთი ქმრებისაგან". ასე რომ, იოანე ოქროპირი ლამაზ ქალებს ურჩევს, არ გადიდგულდნენ და ნუ ჩათვლიან ლამაზ გარეგნობას სიყვარულისა და ოჯახური ბედნიერების მოპოვების გადამწყვეტ საშუალებად. "ხორციელი სილამაზე მიჩვევის შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, სულიერი კი დღითიდღე მეტად გიზიდავს. ამგვარად, თუ გსურს, სათნო ეყო ქმარს, მოკრძალებითა და სათნოებით შეიმკე. ეს კაცის მოხიბვლის ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ვერც სიბერე, ვერც ავადმყოფობა ვერაფერს ავნებს. სულიერი სილამაზე ყველა ფიზიკურ ნაკლს გადაფარავს. ის არც შურს აღძრავს, არც ეჭვიანობას, მისთვის უცხოა ყოველგვარი პატივმოყვარეობა.
მაგრამ, რადგან შეუძლებელია ადამიანის გულის ბოლომდე გამოცნობა, რადგან არავითარ ადამიანურ სიფრთხილეს და კეთილგონიერებას არ შეუძლია მომავლის განჭვრეტა და, რადგანაც კეთილი ცოლი, სოლომონ ბრძენის თქმით, ღვთის წყალობაა, ამიტომ საცოლის არჩევისას მთლიანად უნდა მივენდოთ უფლის ნებას და მორჩილად ვითხოვოთ მისგან კეთილი ცოლი. საქმროს არჩევისას ქალის მშობლებისათვის ამოსავალი უნდა იყოს არა მისი მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში, არამედ მისი სულიერი ღირსებები, რომელთაგანაც უმთავრესი უნდა იყოს ღვთისმოსავობა. ამიტომ ოქროპირი ქალის მშობლებს მოუწოდებს, რომ ეს არჩევანი ღმერთს მიანდონ: "ეძებე შენი ქალიშვილისათვის ქმარი, რომელიც მისი დამცველი და მფარველი იქნება. ნუ ეძებ ფულს, ბრწყინვალებას, წარმომავლობას, გვარიშვილობას, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეძებე ღვთისმოსავობა, სიმდაბლე, ჭეშმარიტი სიბრძნე, თუ გინდა, რომ შენმა შვილმა სიამოვნებითა და სიხარულით იცხოვროს".
როცა ვაჟი აკეთებს კეთილგონივრულ არჩევანს, შესაბამისად ქალიც და ღვთის კურთხევაცაა მათზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ საბოლოო ბედნიერერბას. მათ ისე უნდა წარმართონ ერთმანეთთან დამოკიდებულება, რომ ღირსნი გახდნენ ღვთის წყალობისა, რათა ქორწინება, ანუ სიხარულის წყარო, არ იქცეს მათთვის საშინელებად მათივე მიზეზით.
ქორწინების შემდგომ ქალ - ვაჟის ბედი დამოკიდებულია მათ სიყვარულზე, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე. "არაფერია უფრო ფასეული იმაზე, რომ გიყვარდეს და უყვარდე, როდესაც მეუღლეები თანამოაზრეები არიან, ეს, ზირაქის თქმით, ნეტარებაა, სადაც ეს არის, იქ სიმდიდრეცაა და ბედნიერებაც და პირიქით, ამ დანაკლისს სხვა ვერაფერი ავსებს და ყოველივე უსიამოვნების წყაროდ იქცევა".
მეუღლეთა სიყვარული არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ ფიზიკურ ურთიერთმიზიდულობაზე, არ უნდა ჩაქრეს იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ერთ-ერთი მათგანი დაკარგავს მომხიბვლელობას. ამ აზრს ის განსაკუთრებით უნერგავს ქმრებს, რადგანაც ზოგიერთ მათგანს სიყვარული უქრება, თუ ცოლები რაიმე მიზეზით ძველ მიმზიდველობას კარგავენ. ქმრის სიყვარული ცოლისადმი უნდა იყოს მუდმივი და იმდენად მყარი, რომ ყველანაირ უბედურებას, წყენასა თუ განსაცდელს გაუძლოს, იოანე ოქროპირი შეაგონებს ქმარს: "იზრუნე შენს ცოლზე, როგორც ქრისტე ზრუნავს ეკლესიისათვის, სულის დათმობაც რომ მოგიხდეს, ან თუნდაც ყველაფრის დაკარგვა, რაც არ უნდა მძიმე განსაცდელი შეგემთხვეს, არ უნდა თქვა მასზე უარი, რადგანაც ამის დათმენა არაფერია იმასთან, ქრისტეს რომ აქვს გაღებული თავის ეკლესიისათვის. ცოლი ქმრისათვის იმდენად საჭირო თანამგზავრია, რომ აუცილებელია ქმარს ეს ყოველ წამს ახსოვდეს და უნდა უყვარდეს იგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლი მისი არსების ნაწილია, არამედ, იმიტომაც, რომ ღმერთმა დაადგინა კანონი: "ამისათვის დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა". (დაბ.2,24). პავლე მოციქულიც, სწორედ, იმიტომ შეგვახსენებს ამ კანონს, რომ ყველა საშუალებით გააღვივოს სიყვარული. სწორედ, ამაში მდგომარეობს მოციქულის სიბრძნე: ის ხან ღვთაებრივი, ხან ადამიანური კანონებით მოუწოდებს ქმრებს, უყვარდეთ ცოლები. ამ ხერხს იმოიტომ მიმართავს, რომ ღირსეულ მამაკაცებზე ღვთაებრივი შეგონება ჭრის, ხოლო შედარებით სუსტებსა და მდაბლებზე - უბრალო, ადამიანური ენით საუბარი. ამგვარად, მოციქული იწყებს ასე: "ქმარნო, გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემ შეიყვარა ეკლესია" (ეფეს.5,25), შემდეგ კი გადადის ადამიანურ, იოლად გასაგებ მსჯელობაზე: "ესრეთ ჯერ არს ქმართა ცოლდთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა... ამისათვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთხორც"(ეფე.5,28,30).


მუღლეთა შორის სიყვარულისა და თანადგომის განსამტკიცებლად დიდ როლს თამაშობს ურთიერთშეგონების აუცილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივი უნდა იყოს. არ იქნება არც გაგება, არც სიყვარული მათ შორის, როდესაც თითოეული მეორისაგან მოითხოვს სიყვარულსა და ერთგულებას, თავად კი თავს არიდებს ვალდებულებიბის აღსრულებას. თითოეული მათგანი გაგებით უნდა მოეკიდოს ნაკლსა და სისუსტეს და მოთმინებით აღიჭურვოს უსიამოვნების, წყენისა თუ უნებლიე შეცდომის დროს.
როდესაც კაცს ბოროტი ცოლი ხვდება, ვალდებულია, მოითმინოს და მორჩილებით მიიღოს ეს როგორც ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელი მისი ცოდვების მისატევებლად. "თუ ცოლი აგიმხედრდება, - ამბობს ოქროპირი, - შინ დაბრუნებულს მხეცივით გაავებული გხვდება, ენით გწამლავს, საშინელი ასატანია, რომ ის, ვინც ღმერთმა დამხმარედ დაგიდგინა, შენი მტერი ხდება. მაგრამ კარგად დაფიქრდი: ხომ არაფერი სიავე ჩაგიდენია ახალგაზრდობაში ქალის წინააღმდეგ? იქნებ ქალისადმი მიყენებული ჭრილობა ქალის მიერვე უნდა იქნეს გამოსწორებული? სხვა ქალის წყლულს დასტაქარივით მკურნალობს შენი საკუთარი ცოლი. ავი თანამეცხედრე ხომ ცოდვების გამოსასყიდად ეძლევა კაცს. წმინდა წერილიც ადასტურებს, რომ ბოროტი ცოლი მიეცემა ცოდვილ კაცს, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება, რათა აღხოცოს მისივე ცოდვების სიავე".
თუ იოანე ოქროპირის სწავლების მიხედვით, ცოლის აუტანელი ხასიათი ღვთის სასჯელია ქმრისათვის, ცხადია, მან ეს სასჯელი სრული მოთმინებით უნდა აიტანოს და არ უნდა უპასუხოს მას მრისხანებით. ეს დაუშვებელია, რადგან ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას მოთმინებისა და სიმდაბლის შესახებ. ქმარმა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს სიყვარული ცოლის მიმართ. ამიტომ იოანე ოქროპირი გმობს ცოლისადმი არაადამიანურ დამოკიდებულებას, რაც არც თუ იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით დაბალ ფენებში. ჭირვეული ცოლის გამოსწორების კარგ საშუალებად მას მიაჩნია მოთმინებით შეგონება და არა საყვედური და, მით უმეტეს, ცემა-ტყეპა.
ნანახია: 759 | დაამატა: cotne97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: