მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეხუთე)
06:26
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეხუთე)
ქრისტიანული ქორწინება და ცოლ-ქმრობა (ნაწილი მეხუთე) - OFFLine.Ge

ოჯახური სიხარული

ყველა მიწიერ სიხარულს შორის არც ერთი არ არის უფრო ღრმა და ხანგრძლივი ვიდრე ოჯახური სიხარულია. ჩვენ ხშირად ვეძლევით ზღვარგადასულ მხიარულებას, შეიძლება, ესა თუ ის სიამოვნება ნეტარებაშიც გადაგვეზარდოს, მაგრამ ეს ყოველივე არ
შეიძლება იყოს ისეთი სუფთა და ხანგრძლივი, როგორც ახლობლების გარემოცვაში მიღებული სიხარული. ადამიანი გარკვეული თვალსაზრისით, კმაყოფილი შეიძლება, მარტოც იყოს, მაგრამ სიხარული ოჯახის წევრებთან ერთად გაცილებით ძლიერია. ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს ოჯახი, სახლი, სამშობლო სიმშვიდეს ანიჭებს. ვისაც ოჯახური ბედნიერება არ განუცდია, შეიძლება ითქვას, რომ მას ბედნიერება საერთოდ არ განუცდია.
ყველაზე უხეში და უგემური საქციელი ის არის, რომ ზოგჯერ მამები თავიანთი ქონების დიდ ნაწილს სახლის გარეთ ფლანგავენ, დედები სიხარულს უცხო გარემოში ეძებენ, მაშინ როდესაც შინაურები მის სითბოს საჭიროებენ. მეგობრობა მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის იქ წყდება, სადაც ერთმანეთის საჭიროებას ვეღარ გრძნობენ. ის, ვისთანაც არ შეგიძლია, მეგობრულად გაიზიარო სიხარული და მწუხარება, ბუნებრივია, არ გიყვარს. ბედნიერება მხოლოდ იქ არის სრულყოფილი, სადაც ოჯახის წევრებს ურთიერთდახმარებით გამოწვეული სიხარული აერთიანებთ.
ქრისტიანი ვალდებულია, გულწრფელად განიცდიდეს თავისი ოჯახის სიხარულს, ოჯახის წევრები უფრო დიდი მონდომებით ასრულებენ თავის მოვალეობასა და ყოველდღიურ საქმიანობას, მხიარული სული სათნოებითა და კაცთმოყვარეობით გამოირჩევა. უკმაყოფილონი კი თავიანთ სულში გაუცნობიერებლად ბოღმას მალავენ.
მაცხოვარი და მისი მოწაფეები თავიანთ მიმდევრებს მოუწოდებდნენ, ყოფილიყვნენ ყოველთვის მხიარულები. ამიტომაც არ თქვა უფალმა უარი კანას გალილეაში, წყალი ღვინოდ შეეცვალა, რათა არ ჩაშლილიყო მხიარულება და მექორწინეები არ დამწუხრებულიყვნენ. როგორც ღმერთი ასაჩუქრებს სამყაროს ბედნიერებით, ჩვენც ასევე უნდა ვასხივებდეთ სიხარულს ჩვენი ახლობლების გარემოცვაში.
რა ცოტა მოგეთხოვება ამისთვის! საკმარისია ერთი მეგობრული მზერა, კეთილი სიტყვის განზრახვაც კი სიკეთეში ჩაგვეთვლება, როცა გვინდა, ოჯახში რაიმე უთანხმოება არ მოხდეს. სიხარული ადვილი მასაღწევია კეთილი ადამიანებისათვის, რადგანაც ისინი ამის საფუძველს ყოველ წვრილმანში ხედავენ. თუ გსურს, შენს სახლში მხიარული ატმოსფერო შექმნა, უწინარეს ყოვლისა შეეცადე, ოჯახის ყოველმა წევრმა განიცადოს სიხარული. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ, თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. სუფთა გული, თავისთავად, უკვე არის სიხარულის სტიმული. ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, ის გაურბის ადამიანებთან ურთიერთობას. მისი სიხარული ყალბია: იცინის ბაგე, მაგრამ მოწყენილია გული. მოჩვენებითი სიხარული კი ვერავის გაამხიარულებს.
მოვალეობის აღსრულება, ბოლომდე მიყვანილი საქმე, სიამოვნებით შესრულებული დავალება ყველაზე უფრო გულწრფელი ოჯახური სიხარულის საწინდარია. ბუნებრივია, ყოველი დღე არ გვექნება წარმატებული. შესაძლებელია, შეცდომებიც დავუშვათ. ყველაზე ბედნიერ ოჯახებშიც შეიძლება მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი გაუგებრობა, რაც არღვევს ოჯახურ მყუდროებას. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეცდომის დამახსოვრება, მომხდარის წამდაუწუმ შეხსენება და გაუთავებელი მხილება დამნაშავისა შეცდომას კი არ გამოასწორებს, პირიქით - გამოიწვევს წყენას, ბრმა სიძულვილს, თუნდაც დამსახურებული შეგონების მიმართ ზიზღს.
არ არის ღვთის კურთხევა იმ ოჯახზე, სადაც სასჯელი და საყვედური სიყვარულით არ არის ნაკარნახევი. ამ გრძნობით გამთბარი სასჯელი არ იწვევს ტკივილს და მით უმეტეს წინააღმდეგობას. ნუ იტყვი, რომ შეუძლებელია ყველაფრის სიკეთითა და სიმდაბლით კეთება. როგორც მოექცევი ოჯახის წევრებს და როგორ მოპყრობასაც მიაჩვევ, ისე მოგექცევიან ისინიც. სიყვარული შობს სიყვარულს და Aშესაბამისად, მორჩილებას.
დასჯის შემდეგ შეცდომა დავიწყებას უნდა მიეცეს და უნდა აღდგეს ჩვეული კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. აღარ უნდა გავიხსენოთ განვლილი უსიამოვნება. დანაშაულის დავიწყების და მიტევების უნარი გამოიწვევს დამნაშავის გულში ჭეშმარიტ სინანულს, აღდგება უწინდელი ბედნიერება. მშვიდობის ანგელოზს ხომ არც ერთი კარგი ოჯახის დატოვება არ სურს.
როგორც ყველა სახელმწიფოს, ხალხს და ყოველ ქალაქს აქვს თავისი განსაკუთრებული დღესსწაულები, კარგი იქნება, თითოეულ ოჯახსაც ჰქონდეს ტრადიციული დღესასწაულები, მაგალითად, ოჯახის წევრთა დაბადებისა და ანგელოზის დღეები, არც გარდაცვლილები უნდა დავივიწყოთ, ისინი ხომ ყოველთვის ჩვენთან არიან. ასეთი ოჯახური დღესასწაულები ყველა საშუალებებზე უკეთ აერთებს შინაურების გულებს და კრავს მათ ერთ მთლიანობად. უცხოც კი ამ გარემოში თავს შინაურად გრძნობს. სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი ავლენს ერთის მიმართ, აორმაგებს სიყვარულსა და ურთიერთნდობას. თუ სადღესასწაულო სუფრაზე მიცვალებულებს მოვიგონებთ, მაშინ მათი მონატრებით გამოწვეული ცრემლიც გააერთიანებს ოჯახს და ერთად ყოფნით მიღებული სიამოვნება კიდევ უფრო გაიზრდება. გულის აჩუყება კიდევ უფრო აახლოვებს სულს ზეციურსა და მარადიულთან. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი დღესასწაულის მოსაწყობად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული სუფრის მომზადება. მხოლოდ სიყვარულმა და ურთიერთპატივისცემამ უნდა მიანიჭოს ბრწყინვალება ოჯახურ დღესასწაულს. გადაჭარბებული დანახარჯი არღვევს ოჯახური კერის უბრალოებასა და მიმზიდველობას. როდესაც სიხარული ადვილად მიიღწევა, ის გაცილებით სრილყოფილია. თუ მაინც გვაქვს სურვილი, განსაკუთრებულად ავღნიშნოთ დღესასწაული, ეს ბრძნული გაანგარიშებით უნდა გავაკეთოთ. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობენ გაჭირვებული ოჯახებიც, რომლებსაც პურის ფულის შოვნა უჭირთ, ამიტომ წადი და ისინიც გაახარე მოულოდნელი დახმარებით. მათაც უწილადე შენი სუფრიდან, რათა მათი ლოცვაც შეეწიოს შენი ოჯახის ბედნიერებას. ეს იქნება ჭეშმარიტი ზეიმი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს ამქვეყნადაც და ზეცაშიც.
შეეცადე, ყველა ოჯახურმა დღესასწაულმა ღირსეულად ჩაიაროს. მოიძულე ყოველი ხუმრობა, რომლის საფუძველიც უწმინდურია. დაცინვითა და გამასხარავებით შეიძლება გამოიწვიოთ მხოლოდ სიცილი და არა ნამდვილი სიხარული. უადგილო ხუმრობამ შეიძლება, ტკივილიც მიაყენოს ადამიანს. თუ შენთვის ოჯახი არის ბედნიერების საფუძველი, დაიცავი ის ასეთი იაფფასიანი სიამოვნებისაგან, რომელიც სრულიად მარტივად შეიძლება იქცეს ბოროტებად, თავი აარიდე ისეთ ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, გადაიზარდოს ჩხუბში, მრისხანებაში, შურში. თავი შეიკავე ასეთი საჩუქრისაგან, რომელმაც შეიძლება გაახაროს ის, ვისთვისაც განკუთვნილია, მაგრამ უბიძგოს ქარაფშუტობისაკენ, ამპარტავნებისა და სიამაყისკენ. შენი ეს საქციელი დაემსგავსება შხამის ჩასხმას თაფლში. სიამოვნების ნიღბით შენს საკუთარ სახლში უთანხმოებას და მწუხარებას შეიტან.
Uუხეშ ადამიანებს ზოგჯერ მწუხარება და უბედურება აყენებს სწორ გზაზე და უღვიძებს კეთილშობილურ გრძნობებს, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანს მხოლოდ სიხარული აღამაღლებს. ეს გრძნობა ადამიანს უფრო ლმობიერს ხდის სხვისი შეცდომებისა და სისუსტეების მიმართ. სიხარულით აღვსილი ადამიანი მოწინააღმდეგის მიმართ უფრო მიმტევებელი ხდება და მადლიერებით განეწყობა იმის მიმართ, ვინც სიამოვნება მიანიჭა.
დასასრულს, გვინდა ვთქვათ, რომ ოჯახი უქმნის ადამიანს სათნო ცხოვრებისა და ქრისტიანული, ზნეობრივი ქცევის საფუძველს. ყოველი ადამიანი ოჯახში ითვისებს ქცევის ნორმებს, აქ ყალიბდება მისი კარგი თუ ცუდი ხასიათი. თითოეულ ჩვენგანს სმენია ხალხის მსჯელობა: "ეს ადამიანი კარგი ოჯახის შვილია და თვითონაც კარგი იქნება" და პირიქით -"ცუდი ოჯახის შვილი უღირსი იქნება". ეს არც არის გასაკვირი. ჯანსაღ ატმოსფეროში ბავშვებიც კეთილად იზრდებიან. მშვიდი ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ზნეობის საფუძველია. ვერსად ისე კარგად ვერ ითვისებს ადამიანი ქრისტიანულ მცნებებს, როგორც ოჯახში. უმაღლესი მცნებაა მოყვასის სიყვარული. განა შეგვიძლია, ვინმე გვიყვარდეს, თუ ჯერ დედ-მამის, და-ძმის სიყვარული არ შევისისხლხორცეთ? მოთმინება უდიდესი სათნოებაა. ოჯახი მის შესათავსებლად საუკეთესო პირობებს გვთავაზობს: აქ ხომ ყოველ წამს გვჭირდება მოთმინებისა და სულგრძელობის გამოვლენა. განსაკუთრებით სჭირდებათ მოთმინება მშობლებს შვილების აღზრდის საქმეში. თვითუარყოფას, ამ მაცხონებელ უნარსაც, ოჯახი აძლევს ადამიანს. შვილებზე ზრუნვისას მშობლები ივიწყებენ საკუთარ საჭიროებას, ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით მეტად ცხოვრობს ვიდრე საკუთარით. სულგრძელობა, სიმშვიდე, თავმდაბლობა - შესანიშნავი სათნოებებია, რომლების შეთვისება მხოლოდ ოჯახშია შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ადამიანის ხასიათი ყველაზე უკეთ ოჯახურ გარემოში ყალიბდება და ვლინდება. უცხოსთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საკუთარი ქცევის კორექტირებას, ოჯახში კი ნამდვილი სახე ჩანს.
მართლაც, მნიშვნელოვანი და არსებითია ქრისტიანის ოჯახური ცხოვრება. სახლი ჩვენთვის მეორე ეკლესია უნდა იყოს, სადც ღვთისმოშიშებითა და სიწმიდით უნდა ვიცხოვროთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ყოველ სიტყვასა და საქმეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით ეს ეხება მშობლების მიმართებას შვილებთან, რადგან, სწორედ ეს არის თესლი, რომელმაც მომავალში ნაყოფი უნდა მოგვცეს. კარგ ოჯახებში მშობლები განსაკუთრებით ზრუნავენ შვილების აღზრდაზე, საკუთარი მაგალითით უნერგავენ სიყვარულისა და პატიოსნების გრძნობას, რადგან იციან, რომ კარგად აღზრდილი შვილები სიბერეში ნუგეშად მოევლინებიან, შვილებს კი ყოველთვის ემახსოვრებათ მშობლების დარიგება და მომავალში თვითონაც კარგი მეუღლეები და მშობლები იქნებიან. მათ ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ მშობლების კურთხევის გარეშე ვერ მიაღწევენ ნანატრ ბედნიერებას.

საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 2002 წ.
ნანახია: 722 | დაამატა: cotne97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: