მთავარი » 2010 სექტემბერი 14 » ჯვრისწერა,ოჯახი
22:29 ჯვრისწერა,ოჯახი |
![]() ჯვრისწერა,ოჯახი რას გვეტყვი, მამაო? კითხვების კრებული (ნაწილი მეორე ) ჯვარი დავიწერე ჩემს მეუღლესთან სარიტუალო წესების სრული დაცვით. მაგრამ იმ დროს იყო საშობაო მარხვა და მე არ ვიცოდი, რომ ჯვრისწერა არ შეიძლებოდა (ეს კომუნისტური ათეიზმის ხანაში მოხდა). გთხოვთ, გამარკვიოთ, ვითვლები თუ არა ჯვარდაწერილად? თქვენ ითვლებით ჯვარდაწერილად, ხოლო ცოდვა მოეკითხება მოძღვარს, რომელმაც არ შეასრულა საეკლესიო განწესება და შობის მარხვაში დაგწერათ ჯვარი. თუმცა არ იქნებოდა ურიგო, თქვენც გცოდნოდათ ამის შესახებ და კიდევ იმისაც, რომ ექსტრაორდინარული შემთხვევების გარდა (ვთქვათ, სასიკვდილო საფრთხე), მარხვაში ჯვრისწერა აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემს მშობლებს ჯვარი დაწერილი აქვთ 11 სექტემბერს – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს. ითვლება თუ არა მათი ჯვრისწერა აღსრულებულად? დიახ. მათი ჯვრისწერა ითვლება აღსრულებულად. ბავშვის გაჩენამდე ვერ მოვახერხე ჯვრის დაწერა. ჯვარი დავიწერე ბავშვის გაჩენის შემდეგ. ცოდვიანად ხომ არ ჩამეთვლება ასეთი ბავშვი? ბავშვი არ ჩაგეთვლებათ ცოდვიანად. თუმცა, რაღა თქმა უნდა, უმჯობესი იყო ბავშვის გაჩენამდე ყოფილიყავით ჯვარდაწერილი. წლევანდელ ზამთარში მისრულდება ქორწინებიდან 15 წელი. მაქვს თუ არა უფლება ამ თარიღის აღსანიშნავად ხელმეორედ სიმბოლურად დავიწერო ჯვარი მეუღლეზე? არაფრით არ შეიძლება ასეთი სიმბოლური აქტის ჩატარება. ჯვრისწერის საიდუმლოს თქვენს მეუღლესთან აღასრულებთ ერთხელ. რამდენიმე წლის წინ ქმარს გავშორდი. განქორწინება ოფიციალურად გავაფორმეთ. წესისამებრ გვირგვინის ახსნაც შესრულდა. არ ვიცი, რა ვუყო ჯვრისწერის მოწმობას, რას მირჩევთ? ჯვრისწერის მოწმობას, გვირგვინის ახსნის შემდგომ, არანაირი იურიდიული თუ ზნეობრივი ფუნქცია აღარ გააჩნია. თუ შენახვა რაიმე მიზეზის გამო არ გინდათ, შეგიძლიათ გაანადგუროთ, ვთქვათ, დაწვათ. ახალი აღთქმიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ქორწინება უფლის მიერ არის კურთხეული. მაგრამ ისიც გვსმენია, რომ ბერმონაზვნური მოღვაწეობა და ქალწულობა აღემატება საერო პირთა ოჯახურ ცხოვრებას. დასტურდება თუ არა ეს ქრისტიანული ეკლესიის გადმოცემაში? თქვენს კითხვას პასუხს სცემს წმინდა ათანასე ალექსანდრიელის კანონიკური ეპისტოლე ამონ მონაზვნის მიმართ: "ნეტარია ის, ვინც ახალგაზრდობაში შეუღლდება და შვილთა გაჩენისათვის გამოიყენებს თავის ბუნებას. თუ მეძავთა და მრუშთა ბილწ ცხოვრებას შეიტკბობს, მას მოციქულის მიერ აღწერილი სატანჯველი ელის უცილობლად. ორი გზა არის ამ ცხოვრებაში: ერთი ზომიერი და საერო, ქორწინების გზას ვამბობ, ხოლო მეორე ანგელოზებრი და ზესთა სოფლისა, რომელიც არის ქალწულობა. ვინც ამქვეყნიურსა და ქორწინების გზას აირჩევს, იმდენი მადლით ვერ გამდიდრდება, მაგრამ მაინც მადლიანია, რადგან მიიღებს ნაყოფის ოცდამეათედ ნაწილს. თუ ვინმე უბიწო ცხოვრებას და ზესთა სოფელს შეიტკბობს, თუმცა ახალდამწყებისთვის რთულია და ძნელად წარსამართავი ეს გზა, მაგრამ ყოვლად საკვირველი მადლი აქვს, რადგან ასწილად ააყვავებს სრულ ნაყოფს". რატომ არის, რომ მეუღლეები საქართველოში მარჯვენა ხელზე იკეთებენ ნიშნობის ბეჭედს, ხოლო უცხოეთში – მარცხენაზე? საერთოდ, რისი აღმნიშვნელია ეს წეს-ჩვეულება? განსხვავება ტრადიციის გამოა და მას არა აქვს დოგმატური მნიშვნელობა. აღმოსავლური და დასავლურ ეკლესიათა ადათ-წესები მაშინაც კი განსხვავდებოდა, როდესაც მათ შორის განხეთქილება არ არსებობდა. თუმცა, ბეჭდის მაგალითი არ არის ის შემთხვევა, რის გამოც ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. რაც შეეხება თვით ბეჭდების გაცვლის რიტუალს, ბეჭედი გახლავთ ხილული წინდი და ერთგულების სიმბოლო – ორი ადამიანის ერთმანეთისადმი კუთვნილების ნიშნად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ იკურთხება მეუღლეებისათვის თითზე სატარებლად. ჩემი ქორწინება მოხდა ჩემი სურვილის წინააღმდეგ (მეუღლემ მომიტაცა), რადგან გვაქვს სისხლისმიერი ნათესაური კავშირი – მეუღლის პაპა და ჩემი ბებია ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. გვეყოლა შვილი, მაგრამ ჯვარი არა გვაქვს დაწერილი. ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ პასუხი რომელიმე ეპისკოპოსისგან მიმეღო. გთხოვთ, მიპასუხოთ, მაქვს თუ არა ჯვრისწერისა და ზიარების მიღების უფლება? უნდა მოიქცეთ ისე, როგორც თქვენმა მოძღვარმა გირჩიათ – მიმართოთ ეპისკოპოსს და იგი მიგითითებთ იმ ქრისტიანული ქმედებისაკენ, რომელიც თქვენ უნდა აღასრულოთ. როდესაც ოჯახში დაისადგურებს უთანხმოება, არ არის ურთიერთგაგება, როგორ უნდა მოვიქცეთ ჰარმონიის დასამყარებლად? როდესაც ოჯახი არ იქმნება ღვთის სიყვარულით და ოჯახის შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. მისმა წევრებმა ეკლესიურად უნდა იცხოვრონ: უნდა მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში: თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და ურთიერთგაგებაც დაისადგურებს. ჯვრისწერის დროს მქონდა დედათა წესი. მე არ ვიცოდი მაშინ ჩემი საქციელის უმართებულობა და არც მღვდელს გავუფრთხილებივარ. გთხოვთ მიპასუხოთ, ვითვლები თუ არა ჯვარდაწერილად და როგორ მოვინანიო ჩემი ცოდვა? თქვენ ითვლებით ჯვარდაწერილად. აღსარებისას კი აუცილებლად უნდა მოინანიოთ ეს ცოდვა და ყოვლადმოწყალე უფალი მოგიტევებთ და შეგინდობთ ამ საქციელს. ჯვარდაწერილი მეუღლეებისათვის, რომლებიც უკვე 18 წელია ფაქტობრივად გაყრილი არიან, აუცილებელია თუ არა თავიანთი მდგომარეობის გვირგვინის ახსნით დაფიქსირება? ეკლესიისთვის ყველა შემთხვევაში, ყოველთვის არასასურველია გაყრა. მაგრამ თუ მის გარდა აღარ რჩება გამოსავალი, აუცილებელია გვირგვინის ახსნისათვის მიმართოთ ადგილობრივ ეპისკოპოსს – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ეპისკოპოსი. 20 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ყველა წესის დაცვით დავიწერეთ ჯვარი, მაგრამ მაშინ არც ერთი არ ვიყავით მონათლული, ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება. არც ეკლესიაში უკითხავთ რამე. გთხოვთ, გვიპასუხოთ, კანონიერია თუ არა ეს ჯვრისწერა და თუ არა, როგორ მოვიქცეთ? ასეთი სადავო საკითხის დროს უნდა მიმართოთ ადგილობრივ მღვდელმთავარს, რომელიც გადაწყვეტს, უნდა განმეორდეს საიდუმლო თუ არა. მართლმადიდებელი ქრისტიანი ცოლად გაჰყვა გრიგორიანულად მონათლულ პიროვნებას, ჯვარი დაიწერეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ეთვლება თუ არა ცოდვად მართლმადიდებელს (მორწმუნეს) მონოფიზიტის ცოლობა? ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ საცოლემ არ გაითვალისწინა გათხოვებამდე მომავალი მეუღლის სარწმუნოებრივი აღმსარებლობა, რამეთუ ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ კავშირსაც. მაგრამ თუ ჯვრისწერა შედგა, არ ეგების განქორწინებაზე ფიქრი, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ კეთილი ქცევითა და მაგალითით მეუღლე მართლმადიდებლურ აღმსარებლობას ვაზიაროთ. მეუღლესთან სარეცლის გაყოფის დროს უნდა მოვიხსნა თუ არა ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით? თუ მეუღლეთა ქორწინება ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი, ანუ ისინი ჯვარდაწერილნი არიან და მათი ინტიმური ცხოვრება მიმდინარეობს ეკლესიის წესების შესაბამისად, მაშინ მათი სიახლოვე არ არის ცოდვიანი და შეუძლიათ არ მოიხსნან ჯვარი. შეიძლება თუ არა მე და ჩემმა მეუღლემ მმაჩის ბიუროში არ მოვაწეროთ ხელი და პირდაპირ ეკლესიაში დავიწეროთ ჯვარი? ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, ჯვრისწერა ეკლესიაში არ იძლევა იურიდიულ უფლებებს. ამიტომ, ამგვარი ვითარებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სიცრუისა და თვალთმაქცობის არაერთი ფაქტის მომსწრენი გავმხდარვართ: ყოფილა შემთხვევა, რომ ცოლიან კაცს არ გაუმხელია მღვდლისთვის და მოტყუებით დაუწერია ჯვარი; დაუმალავთ ქალიშვილის ასაკი და უწლოვანი გოგონა გაუთხოვებიათ და ა.შ. იმისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობანი, საეკლესიო პრაქტიკაში შემოვიდა ჯვრისწერის წინ დოკუმენტის მოთხოვნა იურიდიულად გაფორმებული ქორწინების შესახებ. ვართ ერთი ბავშვის მიმრქმელები, გვინდა დაქორწინება, რაზეც ეკლესიამ უარი გვითხრა. გთხოვთ, მიგვითითოთ კონკრეტული წყარო, სადაც აღნიშნულია, რომ ჯვრისწერა ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია. საზოგადოდ, ეკლესია კურთხევას არ იძლევა ქორწინებისთვის, თუ საქმე ეხება სულიერ ნათესაობას. ეს საკითხი თუ არ არის შეტანილი დიდ სჯულის კანონში, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ იგულისხმება მხოლოდ ერთი ნათლია. სამაგიეროდ, არსებობს საეკლესიო გადმოცემები, რომლებიც შეტანილია ლიტურგიაში. თოთხმეტი წელია მე და ჩემი მეუღლე შეუღლებულნი ვართ სამოქალაქო ქორწინებით. შეიძლება თუ არა, ამდენი ხნის შემდეგ დავიწეროთ ჯვარი? თუ რომელიმეს მხრიდან დაბრკოლება არ არის, არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. ჯვრისწერის სანთელი დამრჩა დაუწვავი. შემიძლია თუ არა ამ სანთლების გამოყენება ყოველდღიური ლოცვების შესრულებისას, თუ რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღის დროს უნდა დაიწვას ბოლომდე? ამ სანთლების გამოყენების თვალსაზრისით არ არსებობს რაიმე შეზღუდვა – მათ დაანთებთ, გნებავთ სახლში და გნებავთ ეკლესიაში. ოღონდ, სამწუხაროდ, შეინიშნება ტენდენცია, რომ ხალხი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს საეკლესიო ქმედებათა ფორმალურ მხარეს, ვიდრე საკუთარ პასუხისმგებლობას უფლისა და ეკლესიის წინაშე. შეიძლება თუ არა ქორწილში მეჯვარედ წამყვეს ქმარშვილიანი ქალი? მეჯვარედ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის წაყვანა, თვით საკუთარი ოჯახის წევრისაც კი. ვარ განათხოვარი, ამჟამად ოფიციალურად გაყრილი. ყოფილ მეუღლესთან ვიყავი ჯვარდაწერილი. მსურს ჯვრისწერის გაუქმება. თუ შესაძლებელია ეს და რა სახით? ქორწინების გაუქმება შესაძლებელია. უნდა მიმართოთ საქართველოს საპატრიარქოს და ქორეპისკოპოსს აუხსნათ თქვენი მდგომარეობა (თუ დედაქალაქის მცხოვრები არა ხართ, მიმართეთ ადგილობრივ ეპისკოპოსს). რამდენად მიზანშეწონილია, რომ გათხოვდეს 51 წლის მანდილოსანი, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა გათხოვილი? ქორწინების საიდუმლოებასთან ზიარება ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ასაკში. მიზანშეწონილია თუ არა ქორწინება მაისის თვეში? მაისის თვეში ქორწინება დასაშვებია. არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით. შესაძლოა შეკითხვა მოდიოდეს რუსული ხალხური ჩვეულებიდან, რისი ანარეკლიცაა გამოთქმა @D Vფტ დტყხფნმცზ - დც. ;ბპყმ ვფზნმცზ# ("მაისის ჯვრისწერას მთელი ცხოვრება ჯახირი მოჰყვებაო"), რასაც არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია. ვიმყოფები სამოქალაქო ქორწინებაში. შემიძლია თუ არა დავიწერო ჯვარი სხვა ქალთან? როგორ გაიყოფა ქონება, თუ გაცილება მოვინდომე? ქონების გაყოფის შესახებ სადავო საკითხები სცილდება საეკლესიო კომპეტენციას – ეს პრობლემა სასამართლოს მეოხებით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ქორწინებას, ჯვარი შეგიძლიათ დაიწეროთ, რადგან დღემდე არ ყოფილხართ ამ საიდუმლოთი დაკავშირებული, ოღონდ განქორწინების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ. ვიცით, რომ ზიარების წინ არ შეიძლება საკვების მიღება. საღეჭი რეზინის ღეჭვა ითვლება თუ არა საკვებად? თუკი ზიარების წინ არ შეიძლება საკვების ხმევა, შესაბამისად, არ შეიძლება საღეჭი რეზინის ღეჭვაც. შეიძლება თუ არა გრიგორიანულ ეკლესიაში გავყვე მეჯვარედ მეგობარს, თუ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ? მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არ შეიძლება მწვალებლურ მონოფიზიტურ ეკლესიაში მეჯვარეობა, რადგან ჩვენ იმ საეკლესიო საიდუმლოებაში მონაწილეობით ვუპირისპირდებით მართლმადიდებლობას. ქორწინებაში ვიმყოფები 30 წელიწადზე მეტია. ჯვარი არ დამიწერია… ახლა ყველა იწერს ჯვარს, შვილები ცოდვის შვილებად არ ჩაგვეთვალოსო… რა ვქნა, მეც დავიწერო ჯვარი? თანაც, უნდა გამოვტყდე, ქმარი არ მიყვარს… შეგუებული ვარ… მყავს სამი შვილი… რა უფრო ცოდვაა – დავიწერო ჯვარი კაცთან, რომელიც არ მიყვარს თუ დავრჩე ასე ჯვარდაუწერლად? რადგანაც თქვენ მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, საერთო შვილები გყავთ და ქრისტიანად თვლით თავს, აუცილებელია, რომ თქვენ ქრისტიანული წესითაც იყოთ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ამიტომ უნდა დაიწეროთ ჯვარი. შესაძლოა, თქვენი და თქვენი მეუღლის სადღეისო ურთიერთდამოკიდებულება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ჯვარი არ გაქვთ დაწერილი. თქვენს შემთხვევაში მით უფრო საშურია ქორწინების საიდუმლოს შესრულება. თუკი ადამიანი, როელიც სამოქალაქო ქორწინებით არის შეუღლებული და შვილების პატრონია, გადაწყვეტს ბერობას, ექნება თუ არა მას რაიმე წინააღმდეგობა? ბერის კაბა უნდა ჩაიცვას მან, თუ ჯვარი დაიწეროს და ოჯახში დარჩეს? ეკლესიის კანონმდებლობით ბერად შედგომის უფლება ენიჭებათ ორივე მეუღლის ორმხრივი თანხმობის შედეგად. თუ მეუღლენი ჯვარდაწერილები არიან, მაშინ კაცს ოჯახში დარჩენა მართებს ყველა ბავშვის ზრდასრულ ასაკოვნებამდე; რაც შეეხება სამოქალაქო ცოლ-ქმრობას, სჯობს ჯვარი დაიწერონ. შემდგომ გზას უფალი თვითონ მიანიშნებს. დაშვებულია თუ არა ეკლესიაში ჯვარდაწერილთათვის საქორწინო სარეცელზე ყოველგვარი ქცევა? ქორწინება ეკლესიისგან არის კურთხეული, მაგრამ ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან ჯვარდაწერილნიც, თუ ისინი უკუღმართი სექსუალური ურთიერთობით სცოდავენ. რამდენად აუცილებელია ჯვრისწერა: ვინც არ არის ჯვარდაწერილი, ცოდვიანი და უწმინდურები არიან? თუ ორი ადამიანი, ვინც შეუღლებას აპირებს, მორწმუნეა, მონათლული, ჯვრისწერა აუცილებელია, რადგან ამ საიდუმლოს შესრულების შემდეგ მეუღლენი იღებენ განსაკუთრებულ მადლს, რაც აკურთხებს მათ ქორწინებას. ქორწინება ჯვრისწერის შედეგად იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამედ ეკლესიის საიდუმლოდ. ვიცით, რომ განქორწინება – ცოდვაა, მაგრამ თუ მეუღლე ლოთობს და თავისი საქციელით არღვევს საოჯახო კეთილდღეობას, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ლოთობა ან მეუღლის სხვა ნაკლი ქრისტიანისათვის აღიქმება როგორც მისი სატარებელი ჯვარი, რადგან მისი მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავისი საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ავადმყოფური მიდრეკილებისაკენ. ჯვარის დაწერის დროს თქვენ ერთმანეთს აძლევდით სიყვარულის პირობას არა მარტო ცხოვრების ნათელ პერიოდებსა და ბედნიერების წუთებში, არამედ თავს იდებდით იმ პასუხისმგებლობას, რომ არ მიატოვებთ მეუღლეს ავადმყოფობის ჟამს; ხოლო ლოთობა – ეს იგივე ავადმყოფობაა. ამიტომაც თქვენ მოგეთხოვებათ ლოცვითი შემწეობა სიყვარულით, მეოხად თქვენი მეუღლისა. განქორწინება – ფრიად იოლი გამოსავალია საკუთარი ჯვრისაგან თავდასახსნელად. ჩემი ქმარი წინააღმდეგია, მოძღვარს ვუთხრა აღსარება; თუ მაინც გავაკეთებ ამას, შეიძლება ოჯახი დამენგრეს. როგორ მოვიქცე? თავდაპირველად, მოდით, გავარკვიოთ, თავად თქვენ ხომ არა ხართ დამნაშავე ქმრის საქციელში? უნებურად თქვენ ხომ არ მიგიციათ საბაბი საწინააღმდეგო ქმედებებისათვის? პავლე მოციქული მოგვიწოდებს ცოლსა და ქმარს შორის თანხმობისაკენ თვით სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის დროსაც კი, რათა დროთა განმავლობაში ქრისტიანმა მოაქციოს თავისი მეუღლე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამიტომ, ნიადაგ უნდა ცდილობდეთ, ტკბილი სიტყვითა და გონივრული შეგონებით გადაალახვინოთ მეუღლეს სარწმუნოების მიმართ უარყოფითი განწყობა. საზოგადოებაში არსებობს თვალსაზრისი, რომ ქალმა ქორწინებამდე უნდა დაიცვას ქალწულობა. მოეთხოვება თუ არა იგივე მომავალ სასიძოს? ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში სიძვის გამო მრავალი წლით განაყენებდნენ ზიარებისაგან და აქ არ იყო განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ქორწინებამდე ინტიმური ურთიერთობა ქრისტიანისათვის ცოდვაა. ჯვრისწერის დროს ნეფეცა და დედოფალიც უმწიკვლონი უნდა იყვნენ. გვირგვინი – ეს იმავე დროს თავშეკავებისათვის მისაგებელი ჯილდოს სიმბოლოა! რამდენად არის ოჯახის დიასახლისზე დამოკიდებული ოჯახის სიმშვიდე და კეთილდღეობა? ათონელი ღირსი ბერი პაისი ბრძანებს: "განწმინდეთ თქვენი ცხოვრება. როდესაც დიასახლისი ლოცულობს სახლში სამუშაოს შესრულების დროს, ყოველივე განიწმინდება: არა მარტო თვით საკვები, არამედ ისინიც, ვინც ამ საკვებს გეახლებათ, განიწმინდებიან". ჩემი 18 წლის და მეუბნება, რომ ქორწინება სისულელეა და ბავშვის გაჩენას იგი ქორწინების გარეშეც შეძლებს. როცა ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი დიდი ცოდვაა, მპასუხობს: უფალი არსად არ მიგვითითებს, ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრება ცოდვააო. მირჩიეთ, მამაო, როგორ მოვიქცე? თქვენი და ცრუობს, როდესაც თავისი მოსაზრებების დასტურად წმინდა წერილს იშველიებს. წმინდა წერილიცა და მამათა თხზულებებიც ამ თემაზე სწორედ რომ საწინააღმდეგო დასკვნებს გვთავაზობენ. ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი სხვა არა არის რა, თუ არა მეძავობა, უფლის ათ მცნებაში ერთი გახლავთ სწორედ "არა იმრუშო", და კანონიერი ეკლესიური ქორწინების გარეშე ყოველგვარი სქესობრივი კავშირი მრუშობად ითვლება. კიდევ მეტი, არა მარტო ხორციელი კავშირი, არამედ ვნებიანი გულისთქმაც კი ამ ცოდვას განეკუთვნება. "ყოველი, რომელი ხედვიდის დედაკაცსა და გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათე 5, 28). ოთხი წელია გავთხოვდი დედაჩემის მოგვარეზე. გვარის გამო თავს ვიკავებდი ჩემს მომავალ ქმართან შეუღლებაზე. ამიტომ მღვდელმსახურს ვკითხე, ცოდვად ხომ არ ჩამეთვლებოდა ეს საქციელი. მან განმიმარტა, რომ თუ ჩვენ შორის ნათესაური კავშირი არ იყო, ცოდვა არ იქნებოდა. არადა, მართლაც თვით შორეულ წინაპრებშიც არ გვყავს ნათესავები. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ერთხელ დამეღუპა ბავშვი, მეორეჯერ – მუცელი მომეშალა. ოჯახში შეგვექმნა პრობლემები. მეუღლე თვლის, რომ ეს ჩვენი ცოდვის გამო გვჭირს. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ჩვენი ცოდვებისთვის ვისჯებით თუ არა? მოძღვრის განმარტება აბსოლუტურად მართებული გახლავთ – შეიძლება ერთი გვარის მატარებელ ადამიანებს არანაირი ნათესაური დამოკიდებულება არ გააჩნდეთ. ამდენად, თქვენ არ ჩაგიდენიათ ცოდვა შეუღლებით. შეგიძლიათ დამშვიდებული სინდისით იცხოვროთ ცოლქმრულად. რაც შეეხება თქვენს განსაცდელს, მათში გარკვევისათვის უნდა ჩაუღრმავდეთ თქვენს ოჯახურ ცხოვრებას – იცხოვროთ ეკლესიურად, ქრისტეს მცნებების მიხედვით წარმართოთ თქვენი ყოფითი დამოკიდებულებანი და უთუოდ მიიღებთ უფლის წყალობას. თქვენი საოჯახო განსაცდელი არ უკავშირდება თქვენს ქორწინებას. |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||