მთავარი » 2010 ივნისი 25 » იაკობ ალფესი, იუდა იაკობისი (თადეოზი), სიმონ მოშურნე (კანანელი)
07:06 იაკობ ალფესი, იუდა იაკობისი (თადეოზი), სიმონ მოშურნე (კანანელი) |
![]() წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I) 9 (22) ოქტომბერი წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10,3). სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1,13; 6,2), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული). „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. ![]() წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80) 19 (2.07) ივნისი წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა - იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22). გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი" (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა - იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა - თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება. იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. ![]() წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) 10 (23) მაისი წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში. წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად. წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა. |
|
სულ კომენტარები: 0 | |