ღირსი ეფრემ დიდი მაწყვერელი
ღირსი
ეფრემ დიდი მაწყვერელი ეპისკოპოსი იყო ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა
არქიმანდრიტის გრიგოლ ხანძთელის (ხს.5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
სულიერი შვილის მოსაძებნად აფხაზეთს მიმავალმა ღირსმა გრიგოლმა ქართლში
"ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი
და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და
სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი". გრიგოლმა დაიმოწაფა
ეფრემი, უკან დაბრუნებულმა კი თან წაიყვანა ხანძთას და მომავალ ქართლის
კათოლიკოსთან, ყრმა არსენთან (ხს.25 სექტემბერს) ერთად აღსაზრდელად თავის
თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს ჩააბარა.
ხანძთის
სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს
მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს:
"საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე
მოიყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა
ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშარს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის,
არამედ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო
ღმრთისაო".
ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე
ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: "ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა
პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი
ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ
ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივის ამათისა".
ღირსი
ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმ
დროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებილ საეკლესიო კრებაზე,
რომელსაც კათოლიკოსის ტახტზეა რსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა
გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც
გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო
წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის
ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების
მონაწილენი მის განელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომაც პირველი
სიტყვის თქმა მას სთხოვეს: "ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერარს".
ღირსმა
ეფრემმა მორჩილად თქვა: "სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ
სიტყუად". გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორს,
გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით შეიქნა კათოლიკოსი
საქართველოჲსა," არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ
შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო". წმიდა
ეფრემ მაწყვერელმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით ქართულმა
ეკლესიამ მირონის მცხეთაში კურთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს
ეკლესიის საჭეთმპყრობლები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ
(მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული
ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში,
ანტიოქიიდან კი მხოლოდ "წმიდა მირონის არომატი" ნივთიერებები
შემოჰქონდათ).
წმიდა ეფრემი ორმოცი წელი განაგებდა აწყურის
კათედრას. მას ღვთისგან მიმადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთაქმნისა
და კურნების ნიჭი.
წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული
მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ
სნეულებათა განიკურნებოდნენ.