მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2010 » ივნისი » 25 » არ განსაჯოთ - და არ განისჯებით
02:31
არ განსაჯოთ - და არ განისჯებით
არ
 განსაჯოთ - და არ განისჯებით - OFFLine.Ge

არ განსაჯოთ - და არ განისჯებით


ერთხელ ათონელ ბერ პაისს ჰკითხეს:
- მამაო, ხშირად მოდიან ადამიანები და მორწმუნეებს გვეუბნებიან: ესა და ეს მღვდელი საიდუმლოებების აღსრულებაში ბევრ ფულს ითხოვს, სხვა კი სიგარეტს ეწევა, სხვაზე ამბობენ ამორალურიაო და საერთოდ, ღვთისმსახურებს ადანაშაულებენ და მოაქვთ დამადასტურებელი საბუთები. რა უნდა ვუპასუხოთ ამ ადამიანებს?
ბერმა უპასუხა:
-საკუთარი გამოცდილებით დავასკვენი, რომ ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თავისებურება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმინობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა მან სად არის ვარდები, გიპასუხებთ: "არც კი ვიცი ეს რა არის, სამაგიეროდ ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი". ადამიანების ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ისწავლა მხოლოდ ცუდზე ფიქრი და ეძებს მას, ამასან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.
ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თავისებურებაა იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ იქ ფუტკარს მივიყვანთ, ის იფრენს და არსად არ შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.
თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის ეს რა არის. ფუტკარი გეტყვით:
'იქ ვარდებია, იქ იებია, იქ თაფლია, იქ შაქარია, იქ შარბათია" - და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტზე. ეს ადამიანების მეორე კატეგორიაა, ვისაც კეთილი ზრახვები აქვთ და მხოლოდ კარგს ხედავენ.
ბერმა საუბარი ასე დაასრულა:
-მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაერკვნენ თუ ადამიანების რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ საკუთარ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ.

***


ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა დაუდევარი ბერი: ის ხშირად იგვიანებდა მსახურებაზე, ამით ძმებს გულს სტკენდა. ძმები ბუზღუნებდნენ და სთხოვდნენ კიდეც ზედამხედველს, რომ გაეგდო იგი. და აი ეს ბერი ავად გახდა, ავადმყოფობა გაძლიერდა და სიკვდილს უახლოვდებოდა. დაღონდნენ ძმები, რადგან აშკარა იყო, ბერის უბედური სული იღუპებოდა. შეიკრიბნენ მის სარეცელთან და რას ხედავენ: ბერი კვდება მართალის სიკვდილით! სახე მშვიდი და ნათელი აქვს. გონს რომ მოვიდა, ბერებმა ჰკითხეს: "ვის ესაუბრებოდი, როგორც ნაცნობს?" მომაკვდავმა უპასუხა: "ძმებო, თქვენ იცით, რომ მე უღირსად ვცხოვრობდი; და აი, დავინახე დემონები როგორ მოადგნენ ჩემს სარეცელს, მათ ხელში ეჭირათ ქარტია, რომელშიც ჩემს მიერ ჩადენილი ყველა ცოდვა იყო ჩაწერილი; მფარველი ანგელოზი კი ჩემგან შორს იდგა და ტიროდა. უცბად მომესმა ხმა ზეციდან: "არ განსაჯოთ - და არ განისჯებით, ამ ბერს არავინ განუკითხავს, და მე მას ყველაფერს ვპატიობ." იმ წუთშივე ეშმაკის ხელში ქარტია დაიწვა და დემონები ღრიალით გამშორდნენ. ძმებო, - განაგრძობდა ის - ერთადერთი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ბერად შევდექი, იყო ის, რომ ერთი ადამიანიც არ განმიკითხავს. თქვენ მე მკიცხავდით და - სამართლიანადაც, მე კი, ცოდვილი, არავის განვიკითხავდი". - ასე გარდაიცვალა იგი მართალის სიკვდილით.

***


სკიტში ერთი ძმა ცოდვაში ჩავარდა. ძმები შეიკრიბნენ, მამა მოსესაც უხმეს, მან კი მოსვლა არ ინება, მაშინ პრესვიტერმა კვლავ გაუგზავნა ძმა და შეუთვალა, რომ ბერს კრებული ელოდა. მამა მოსე ადგა და წავიდა - მას თან ქვიშით სავსე, დახვრეტილი კალათი მიჰქონდა. როდესაც ძმებმა მომავალი ბერი დაინახეს, ჰკითხეს - რა არის ეს, მამაო? - ეს ჩემი ცოდვები გროვდება ჩემს უკან, მათ ვერ ვხედავ და სხვისი ცოდვების განსასჯელად კი მოვედი. როდესაც მათ ეს მოისმინეს, ძმა აღარ განუსჯიათ, არამედ მიუტევეს მას.
 
 
ნანახია: 741 | დაამატა: ana | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: