მთავარი » 2010 ოქტომბერი 22 » 30 წელი მზიან ღამეში
03:58 30 წელი მზიან ღამეში |
![]() 30 წელი მზიან ღამეში... საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას არა-ერთი მისთვის შესაფერი და ღირსეული მწყემსმთავარი ჰყოლია, მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დაიკავა, როემლიც ღვთის განგებამ ამ წმინდა საყდარზე 1977 წელს დაადგინა და უკვე 30 წელია ღირსეულად ზიდავს ამ ჯვარს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II 1933 წელს 4 იანვარს, ქ. ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთივსათნო და მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. სამი დღის ყრმამ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულზე წმ. ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკის (შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი) მიერ ნათელიღო და მშობლების და ნათლიის მონაზონ ზოილე დვალიშვილის მიერ ირაკლი ეწოდა, სწორედ ნათლიას მონაზონ ზოილეს დაყავდა ხშირად პატარა ირაკლი სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ღვთივგანგებით შეხვდა და ლოცვა-კურთხევა მიიღო უწმინდეს და უნეტარეს კალისტრატესაგან, რაც როგორც შემდგომში აღმოჩნდა ქართველათა ორი პატრიარქის შეხვედრა იყო. მომავალი პატრიარქი 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე სკოლას ამთავრებს და ღვთისადმი რწმენითა და მისი შემეცნების სწრაფვით აღვსილი სწავლას მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სასულიერო აკადემიაში აგრძელებს. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში 24 წლის ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, მიტროპოლიტ ზინობის (მაჟუგა) მიერ ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი ილია. "მახსენდება ის დღე, როცა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობის დაურეკა და უთხრა: დღეს თქვენთან მოვა სტუდენტი და აღკვეცეთ ბერად”. სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა, დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აღკვეცის დროს, როცა მონაზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ "ერეკლეს” მიწოდებდნენ, ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის საპატიოდ მიწოდეს ირაკლი. და, აი ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ, მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა "ილია”. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო სახელს საქვს საოცრად დიდი ძალა. "ერეკლე” ნიშნავს ფიზიკურ ძალას, "ილია” კი ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა - ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა”. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, 1959 წლის 10 მაისს კი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა (სიმანსკი) წმ. სერგის მონასტრის ტაძარში მღვდლად. 1960 წელს, მღვდელ-მონაზონი ილია ამთავრებს სასულიერო აკადემიას და ნაშრომით "ათონის ივერიის მონასტრის ისტორია” ენიჭება ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. შემოთავაზების მიუხედავად, დარჩეს აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიანტად და განაგრძოს სამეცნიერო მოღვაწეობა, იღებს გადაწყვეტილებას დაბრუნდეს სამშობლოში და ემსახუროს თავის ერსა და ეკლესიას. ამავე წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ მღვდელმსახურად ინიშნება ბათუმის საკათედრო ტაძარში, 19 დეკემბერს ჯილდოვდება და ენიჭება იღუმენის ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის წოდება. 1963 წლის 26 აგვისტოს მისივე ხელდასხმითა და საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით განჩინებულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ქორეპისკოპოსად. 1967 წელს დადგენილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტის წოდებითაც იქნა დაჯილდოვებული. 1972 წელს ჯილდოდ მიენიჭა მეორე პანაღიის, 1975 წლიდან კი სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლება. ამ პერიოდში ის დაუღალავად მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე და არა ერთი საერთაშორისო და სამშვიდობო ფორუმის მონაწილეა, როგორც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი. 1977 წლის 23 დეკემბერს მის ცხოვრებაში და საქართველოს ისტორიაში, დგება უმნიშვნელოვანესი დღე, როცა ის საქართველოს XII საეკლესიო კრებამ ერთხმად აირჩია სრულიად საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრად და ეწოდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II, ხოლო 25 დეკემბერს სვეტიცხოველში აღსაყრდა საპატრიარქო ტახტზე: "საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა, არც მის მოწყალებასა აქვს საზღვარი ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიყრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის-ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება”... და ასე შეუდგა ამ მძიმე საპატრიარქო ჯვრის ტვირთვას. ახლადარჩეულმა პატრიარქმა იმ პერიოდში როცა საქართველოს სამციქულო ეკლესიას "სუდარაგადაფარებული ეკლესიაც” კი უწოდეს, უპირველესი ყურადღება სამღვდელოების რაოდენობის და განათლების გაზრდასა და ქართველი ერის და მისი ინტელიგენციის ეკლესიასთან დაახლოვებას მიაქცია, და დღეს საქართველოს მღვდელმთავართა რაოდენობა 4-დან 37-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიათა 15-დან, საიდანაც რეალურად 4 შედარებით მოქმედი ეპარქია იყო, ძველი სამღვდელმთავრო კათედრების აღდგენის შემდეგ 38-მდე, მათ შორის უცხოეთში გასული ქართველებისათვის დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია. უწმინდესი და უნეტარესი ილია II კი 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად იქნა არჩეული: "რწმენა და ცოდნა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზა, ჭეშმარიტებისა, და ღვთისკენ მიმავალი. ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი ითქვა და დაიწერა ისეთი, რაც ერთი შეხედვით, მათ დაპირისპირებას ამტკიცებს, იმასაც თითქოს მეცნიერებით ყველაფრის ახსნა შეიძლებოდეს მაგრამ, განა შეიძლება მეცნიერების საშუალებით გადაწყდეს სულიერი პრობლემები, როცა იგი უძლურია, გაარკვიოს ფიზიკური წესრიგის ესა თუ ის მოვლენაც კი? განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპურისპირდებიან არამედ ავსებენ ერთმანეთს _ ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი_”უსწავლელისთვის ძნელიც კი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსიდან, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, ხოლო ურწმუნო ადამიანის ხელში საშიშია მეცნიერული მიღწევები”. სწორედ ის ჯერ კიდევ ახლადგამორჩეული ეპისკოპოსი ილია იყო, მცხეთაში 1963 წლიდან გახსნილი სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი 1963-1972 წწ-ში, რომელიც 1988 წლიდან გადმოტანილ იქნა თბილისში, დაარსდა სასულიერო აკადემია, 1997 წლიდან კი მასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტი "დღეს ჩვენთვის, მთელი ერისთვის ბედნიერი დღეა. ღვთის წყალობითა და ლოცვა-კურთხევით იხსნება თბილისის სასულიერო აკადემია. აქვე იწყებს თავის ახალ ცხოვრებას სასულიერო სემინარია. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავიზიაროთ, თუ რა არის ჩვენი მოვალეობა, რა გზით უნდა განვითარდეს აკადემიაში საღვთისმეტყველო მეცნიერებათა სწავლა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს და ამავე დროს გავითვალისწინოთ ის მოთხოვნილებანი რასაც, გვიყენებს თანამედროვეობა როცა წარსულზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმ ტრადიციებს, ჩვენს ძველ უმაღლეს სასწავლებლებში რომ არსებობდა. თბილისის სასულიერო აკადემია უნდა იყოს გელათის, გრემის, იყალთოს აკადემიათა ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. შემთხვევითი არ არის რომ გელათის აკადემიას უწოდებდნენ მეორე იერუსალიმს და მეორე ათენს. იერუსალიმით აღინიშნებოდა მისი მაღალი სულიერება ხოლო, ათენით-მაღალი მეცნიერული დონე. გელათის აკადემია იყო ის ცენტრი, სადაც იხვეწებოდა და მუშავდებოდა ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნება და ტერმინოლოგია. აქ ითარგმნებოდა არა მარტო ცნობილ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა ნაშრომები, არამედ ანტიკური ფილოსოფიის რჩეული ნიმუშებიც. იწერებოდა ორიგინალური ნაშრომები. რწმენის ასამაღლებლად განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ლოგიკისა და ფსიქოლოგიის სწავლებას, არ ცხრებოდა საღმრთო წერილზე ეგზეგეტიკური მუშაობა. ასეთი უნდა იყოს ჩვენი გეზიც. მე მინდა ჩემი სიტყვა დავამთავრო სოლომონ ბრძენის გამონათქვამით: "დასაწყისი სიბრძნისაი არს შიში ღმრთისა... გულსა შინა სახიერისა კაცისასა განისვენებს სიბრძნე...” აღდგა ასევე გელათის უძველესი მეცნიერებათა აკადემია. ამჟამად საქართველოს ეკლესიას აქვს 2 სასულიერო აკადემია, 4 სემინარია და 2 საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, გალობის უმაღლესი სასწავლებელი და სხვა. თვითონ უწმინდესი და უნეტარესი ილია II კი ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიის მიერ დაჯილდოვებულია ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდებით. 1998 წელს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სასულიერო სემინარიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა იმავე წლიდან არჩეულია გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ეპისტოლეში არა ერთხელ გამოსულა ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივით სამშვიდობო, სოციალური, სამართლებრივ-ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის თუ ეთიკის საკითხებთან მიმართებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უწმინდესობის მონდომებით ეკლესიის ჩართვა და აქტივობა ნარკომანიისა და უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ღვთის წყალობით განსაკუთრებულად აღსანიშნავია, ისიც რომ მისი უწმინდესობის პატრიარქობაში საბოლოოდ შეწყდა საუბარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ღირსების შესახებ, როცა 1990 წლის 4 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოს სახელით მისმა ყოვლადუწმინდესობამ პატრიარქმა დიმიტრი I-მა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს გადასცა რწმუნებათა სიგელები, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობის და საპატირიარქო ღირსების ცნობისა და დადასტურების შესახებ. მის უწმინდესობას შექმნილი აქვს არა ერთი ხატი და მუსიკალური ნაწარმოები, საგალობლები და ა.შ., მისი თქმით: "ხელოვნება ღვთისგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს, რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე. იესო ქრისტემ, პირველმა მოჰფინა ნათელი მეცნიერების წინსვლას, ხოლო ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად”. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ფილოსოფიით: "როგორც წმიდა ზეთი იღვრება აარონის თავიდან წვერზე და მისი სამოსლის ბოლოებზე ასევე ჭეშმარიტების ღვთაებრივი მირონი ლოგოსისაგან - მარადიული პირველმღვდელმსახურისაგან თავდაპირველად გარდამოედინებოდა მის რჩეულ ერზე, შემდეგ კი გავრცელდა ბერძნულ ფილოსოფიაზეც”- წერს ის. მისი უწმინდესობის მწყემსმთავრობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ უმოკლეს დროში აღდგა და აშენდა უამრავი ტაძარი და მონასტერი, რომელთაგან განსაკუთრებულია თბილისში წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე აგებული წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი და ლავრა, რომელსაც მისმა უწმინდესობამ ქართველი ერის ავტოპორტრეტიც კი უწოდა, თუმცა როგორც ის აღნიშნავს მის პატრიარქობისას უმნიშვნელოვანესი იყო შვიდგზის ლოცვების დაწესება, რომლის აღსრულების დროსაც მთელი ქართველი ერი, საქართველო ერთიანდება ღვთის წინაშე. და ბოლოს დასკვნის სახით ძნელია მოძებნო სიტყვები იმაზე უკეთ ვიდრე ეს თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თქვა, როდესაც მან თავისი მამამთავრობა შეაფასა "მე ჩემს პატრიარქობას შევადარებდი და ვუწოდებდი მზიან ღამეს” - ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია. |
|
სულ კომენტარები: 0 | |